3/08/2013

მდგმურის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის ხალისი

ასაკის მიუხედავად სახეზე ნაოჭი არ ეტყობა, თუმცა მძიმე ცხოვრების კვამლი სახეზე მაინც იკითხება. ხელებზე ეტყობა, რომ საოჯახო საქმე უყვარს. დანაოჭებული, მაგრამ რბილი პატარა თითებით მუდამ რაღაცას აკეთებს. უსაქმურად ყოფნა არ შეუძლია. გონება ძველებურად აღარ უჭრის, აღარც ხელი და ფეხი ემორჩილება, მაგრამ ასაკს მაინც ჯიუტად ებრძვის. 78 წლისაა და როგორც თვითონ იტყვის, კუთვნილი ცხოვრება უკვე გაიარა, მაგრამ დანებებას არ აპირებს. უფრო მეტად სიარული უჭირს, რადგან წნევა აწუხებს და ბარბაცებს, ამიტომ ხშირად კედელზე მიყრდნობით დადის. მოსმენაზე მეტად ლაპარაკი უყვარს, განსაკუთრებით გარდაცვლილ შვილსა და ქმარზე. სიამოვნებს როცა მათზე დადებით შეფასებებს ისმენს.

სვეტა ბებო ბათუმში მარტო ცხოვრობს. ქმარი მეზღვაური ჰყავდა. 1963 წელს იქორწინეს. საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში ცხოვრების შემდეგ სამუშაოდ ბათუმში 34 წლის წინ ჩამოვიდნენ და საცხოვრებლადაც  დარჩნენ. ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც რამდენიმე წლის უკან ავტოავარიის შედეგად დაეღუპა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ქმარიც გარდაეცვალა. ამბობს, რომ მეუღლე ძალიან ნერვიულობდა შვილის გარდაცვალების გამო და ნერვიულობისაგან მალე გარდაიცვალა. "მე სულ ვტიროდი, სულ...  ჩემს ქმარს  ვერ ვამხნევებდი. კაცს ტირილი არ შეუძლია. თანდათან დასუსტდა, ჩაიკეტა საკუთარ თავში და მალე ისიც გარდაიცვალა. მე მარტო დავრჩი. ეხ, ეს სიბერე. არავინ მყავს. ხანდახან სურათებთან მივალ და იმათ ველაპარაკები. გავუბრაზდები რაღაც ამბებზე. ვიცი, რომ სურათია და ხმას არ გამცემს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ველაპარაკო.

ჩემი შვილისშვილები კიევში ცხოვრობენ. ჩემს შვილს ორი ვაჟი ჰყავს 17 და 20 წლის. ხანდახან ჩემი მეგობარი ლუდა კომპიუტერით დამალაპარაკებს, მაგრამ  5 წუთი დამელაპარაკებიან და მერე მეუბნებიან "ხო, მორჩა. მეტი რაზე ვისაუბროთო".  მათი ფოტოებიც არ მაქვს. 10 წლის წინ პასპორტის ფოტოები, რომ გადაუღეს ისინი მაქვს. არ ვიცი, როგორ გამოიყურებიან. როგორ მინდა დავინახო, როგორი ბიჭები არიან ახლა...
 რძალი გათხოვდა. 8 წლით უმცროს კაცს გაყვა. ჩემი რძალი მსუქანია და დაბალი. არც იმ ასაკში არაა სიყვარულით ვინმეს გაყოლოდა. ამიტომ არ მომწონს ეს ამბავი, თუმცა რა ვქნა. მე ვინ მეკითხება?!
ფულს წელიწადში ორჯერ მიგზავნიან. 100-100 დოლარს, ახალ წელზე და ჩემს დაბადების დღეზე. არაფერში მყოფნის. პენსიის გარდა შემოსავალი არ მაქვს. 125 ლარი მაქვს პენსია. ბაზარში ვერ მივდივარ, არ შემიძლია სიარული. წნევა მაქვს და სულ ვბორძიკებ, ამიტომ აქ მაღაზიაში ვყიდულობ ცოტ-ცოტა ყველაფერს.  კბილები ისე აღარ მიჭრის და ამიტომ ყველაფერს ვერ ვჭამ. ძალიან წვრილად უნდა დავჭრა, რომ ვჭამო. მეხსიერებაც მღალატობს. მავიწყდება. ექიმმა წამალი გამომიწერა, მაგრამ არ ჰქონდა შედეგი.
ადრე ბინა გავაქირავე. ვიღაც ბიჭი იყო. იმ ბიჭმა სუვენირები და სხვა ნივთები მომპარა და გაიქცა. პოლიცია არ გამომიძახებია. ასე ვამჯობინე...
ყველაფერი ძველი, კომუნისტების დროინდელი მაქვს. თანამედროვე, რომ ვიყიდო ფული არ მაქვს, ან რად მინდა? ჩემი სიკვდილის შემდეგ შვილისშვილები ამ ბინას გაყიდიან და ტყუილად დამრჩება ფული გადახდილი.
ბინას ბიჭებზე ვაქირავებ. ქმარი და ბიჭი, რომ მყავდა უფრო კარგად ვუგებ ბიჭებს. ჩემს შვილს როგორც ვუვლიდი ისე ვუვლი. გოგოები რთული ხასიათის არიან, ამიტომ არ მინდა.  მიხარია შენ, რომ მოხვედი.
ერთი ყაზახი გოგო მყავდა. აქ, ბათუმში მუშაობდა. არაოფიციალური ქმარი ჰყავდა თურქი. მგონი პროსტიტუციას ეწეოდა ეს გოგო, მაგრამ არ დავინტერესებულვარ. არ არის ჩემი საქმე. მისი სამუშაო დაიხურა. ასე მითხრა მან. ფული არ ჰქონდა და არც ღამის გასათევი. ვუთხარი ჩემთან იცხოვრე 3 თვე და ამ პერიოდში გაარკვიე შენი სამუშაოს ამბები-მეთქი. სამი თვე ჩემთან იცხოვრა უფასოდ. მერე ყაზახეთში წავიდა. კარგი გოგო იყო. იცი რა კარგად მექცეოდა? ოი, რა თბილად მექცეოდა...
- შენ რუსული იცი?
- კი. რასაც მელაპარაკებიან ყველაფერს ვხდები, მაგრამ მე თვითონ საუბარი მიჭირს. პრაქტიკა არ მქონია.
- მე გასწავლი. რამე რომ შეგეშლება და შეგისწორო, ხომ არ გეწყინება?
- არა, პირიქით.
- ხომ დამელაპარაკები? მინდა ვინმე მყავდეს სახლში, ვისაც ველაპარაკები. ფოტოებს, რომ ველაპარაკები ხმას არ მცემენ. საჭმლის გაკეთება იცი?
- კი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. განსაკუთრებით კულინარული ექსპერიმენტები მიყვარს.
- მეც მიყვარდა, მაგრამ ახლა აღარ მიყვარს. მარტო რომ დავრჩი, არავისთვის მქონდა საჭმელი გასაკეთებელი და ამიტომ აღარც ვაკეთებ. ბევრს ვლაპარაკობ ხომ?
- არა. ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხართ.
- შენ, რომ ბინის ქირის თანხას მომცემ, იმითი უფრო ამოვისუნთქავ, თორემ პენსია არ მყოფნის. დავბერდი, იმუნიტეტი დამიქვეითდა და ვიტამინები მინდა.  ხომ არ ვიჩხუბებთ?
- არა რატომ უნდა ვიჩხუბოთ? მე სახლში ბებია არ მყავდა. სულ მინდოდა, რომ ოჯახში ბებია მყოლოდა. როგორც საკუთარ ბებიას ისე მოგექცევი და ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს.
- ოი, რა კარგია. არ მე მყავდა ბებია. არც შვილისშვილები ცხოვრობდნენ ჩემთან. როგორ მიხარია რომ სახლში დამლაპარაკებელი მეყოლება. იცი რა კარგი ქმარი მყავდა?! სულ მეუბნებოდა არ იმუშაოო. თვითონ მუშაობდა. შენ სახლში იყავი და დაისვენეო. მე მუშაობდა მინდოდა. მეზღვაური იყო და როცა გემზე წავიდოდა მე მუშაობას ვიწყებდი, რომ ჩამოვიდოდა მანებებინებდა მუშაობაზე თავს... ახალგაზრდა ქალი უნდა მუშაობდეს. სახლში, როცა არის, ჩუჩელასავით გამოიყურება. თავს არ უვლის. როცა მუშაობს, იძულებულია გარდერობი განაახლოს. ერთი და იგივე, ხომ არ ეცმევა. მაკიაჟს გაიკეთებს და ხალხში გავა. ახალგაზრდობაში ლამაზი და სუსტი ვიყავი. ახლა რას ვგავარ? დავბერდი... დავნაოჭდი...
ნელა ადგა. ბანცალით სარკესთან მივიდა. სახეზე ხელი გადაისვა და თითქოს ხელის ამ მოძრაობით, მთელი ცხოვრება თვალწინ დაუდგა. სარკესთან ფრჩხილის ლაქი, რუმიანა, ტონალური და სხვა ქალური კოსმეტიკა უხვად ელაგა. ასაკის მიუხედავად საკუთარ გარეგნობაზე მაინც ზრუნავს. ამბობს, ქალი ყველა ასაკში ლამაზი უნდა იყოსო.
სახლი ძველ სტილში აქვს მოწყობილი. წლებია არაფერი შეუცვლია. ნივთებს ადგილს არ იცვლის, რადგან მათი ამ განლაგებით ქმარი ახსენდება, როცა ცოცხალი იყო და აქ ცხოვრობდა.
საღამოობით ოთახში, საყვარელ სავარძელში ზის. პლედს შემოიხვევს და ტელევიზორს უყურებს. გათბობა არ აქვს. გაზი ვერ შეიყვანა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ხოლო ელექტრო ენერგიას ზოგავს. პენსია ამდენს ხარჯს არ ჰყოფნის. სახლში ყველაფრისათვის თავისი ადგილი აქვს გამოყოფილი. სარეცხის საკიდი ე.წ. "შპილკებიც" კი სამი სახეობისა აქვს. ერთი თეთრეულისათვის, მეორე ფერადი ტანსაცმლის, ხოლო მესამე პირადი ჰიგიენის ნივთებისათვის.
რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ ვეუბნები, რომ უნდა გავიდე და ერთ საათში მოვალ-მეთქი.
- მიდი ჩემო ტკბილო. ახალგაზრდა ხარ და გაერთე. ოღონდ ერთ რამეს ძალიან გთხოვ. თუკი შეგაგვიანდება ოდესმე, დამირეკე და მითხარი, რომ გაგვიანდება თორემ ვნერვიულობ და არ ვიძინებ.
ამ თხოვნის გარდა მთხოვა, რომ მასთან ცოტა უფრო ხმამაღლა ვისაუბრო. კარგად არ მესმისო. ასევე მთხოვა, რომ ფეხსაცმელით ხალიჩაზე არ გავიარო - ვერ ვიყიდი ახალს და ეს კი შეილახებაო. ლიფტამდე მიმაცილა და ხალისიანი საღამო მისურვა.
სახლში მართლაც  ერთ საათში დავბრუნდი. "ნაჩნიკთან" კროსვორდს ავსებდა.
- ბებო, მოვედი.
- უი, რა კარგია. მე კროსვორდს ვავსებ. ცოტა ტვინს ვავარჯიშებ. იქნებ ასე მაინც შევინარჩუნო ცოტათი მეხსიერება.
- წავედი, დავიძინებ. ხვალ სამუშაოზე უნდა წავიდე - ვუთხარი და დავემშვიდობე.
საძინებლამდე მიმაცილა. შუქი ჩააქრე, როგორც კი ოთახიდან გამოხვალ, თორემ ელექტრო ენერგიის დიდი გადასახადი მოვაო - დამარიგა და ტკბილი ძილი მისურვა.
თვითონ თავისი საძინებლისკენ წავიდა. თან მოსაუბრის ნახვით გახარებული ბუტბუტებდა "ოჰ, რა კარგია. რა ბედნიერებაა, თავს ისევ ცოცხლად, რომ ვგრძნობ".
დილით სვეტა ბებოს ხმა მაღვიძებს:
- ტარიელუკა, კოფე ბუდეშ?
- და ბაბულია.
- უჟე გატოვ. ოი, რა კარგია, როცა ისევ ვიღაცაზე ვზრუნავ...

 P.S. ფოტოს გადაღების უფლებას არ მაძლევს. ნაოჭებიანი ბაბკა ვის რაში სჭირდებაო :) 

2 комментария:

Unknown комментирует...

ტატულიკ მომეწონა :)

melo... комментирует...

:)) <3