12/30/2010

ახალი წელი და გალოთებული ქართველობა

ჩემი მუდმივი თავშესაფარი, რომ პრესკაფეა ყველა მეგობარმა იცის. თავისუფალ დროს სულ აქ ვარ და შესაბამისად ვგულშემატკივრობ ამ კაფეს. დღეს მოიტანეს ნაძვის ხე და კაფეს საახალწლო სამზადისი დაეტყო. მაღალი, სამწუხაროდ არაცოცხალი ნაძვის ხემ ბინა ბარის გვერდით დაიდო. ნანა, დათო და ლევანი მის გაფორმებაზე ზრუნავენ. ასლანი გვერდით, ლეპტოპს მიჯდომია და პოკერის თამაშის პარალელურად თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესს. თან მახსენებს, რომ დაპირებული 20 კილოგრამი ლიმონი უნდა მივუტანო. რამდენიმე დღეა მავიწყდება სოფლიდან ლიმონი გამოვაგზავნინო და კაფის კლიენტებმა არ იგრძნონ რამის ნაკლებობა, მათ შორის ლიმონის.

პარტულმა უკვე მილიონჯერ ჩაიარ-ჩამოიარა და გაფრთხილება მისცა მოქალაქეებს. ალბათ ამ დღეებში ფეხითაც აღარ გაგვატარებენ ქუჩაში...
დღეს ხალხის ნაკლებობაა. ალბათ ყველა ოჯახებში საახალწლო სამზადისში არიან.
აქედან რამდენიმე მეტრში ანდრეა ბოჩელი ვინ იცის რას აკეთებს. მე მისი დანახვის სურვილით არ ვარ შეპყრობილი და მირჩევნია ჩემთვის "ნაუშნიკებით" მოვუსმინო.
ხვალ მძიმე დღე მელის. დილით ბათუმის ბიუჯეტის დამტკიცება უნდა გავაშუქო, ხოლო საღამოს ახალი წელი.
დიდად არ მიხარია ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
ხვალ პრესკაფეში ადგილები წინასწარ არ იყიდება და ამიტომაც ალბათ გადაღების შემდეგ აქ მოვალ.
მეგობრებო მაპატიეთ, რომ თქვენთან ერთად ვერ მოვდივარ... რა ვქნა, ოთხ ჯგუფად ხართ და ერთს, რომ გავყვე სხვას ეწყინება, ამიტომ მარტო შევხდები აქ და მერე კოლეგებთან ერთად პრესკაფეში გავაგრძელებ.
ხვალ ძალიან ცუდი დღე იქნება ბათუმში. ძალიან ბევრი "პეროგარჭობილი" ადამიანი მოიყრის თავს. უკვე ქუჩებში არის ხალხის ცვენა და დღეს ერას მოედანზე, რომ გავედი მეგონა კონცერტი უკვე დაიწყო-თქო. კონცერტის 400 მონაწილეა ჩამოსული და ტურისტებს 25 ათასამდეაო ამბობენ. ნეტა არ ვმუშაობდე და სიამოვნებით წავიდოდი სოფელში და სიმშვიდეში ავღნიშნავდი ახალ წელს.
ისე რაღა მოფიქრებაა ეს ახალი წელი... ჩემთვის არაფერი იცვლება ახალი წლის დადგომით ან არ დადგომით... ერთი და იგივე ფილმები და სახეები... იგივე ხუმრობები და იგივე ყველაფერი... მე მხოლოდ თარიღის დაწერისას ვცლი ბოლო სიმბოლოს. ეგაა ჩემთვის ახალი წელი.
იანვარი მკვდარი თვეა... დასვენებები... გადამთვრალი ხალხი... ყველა ოჯახში ერთი და იგივე საჭმელი და ერთი და იგივე მილოცვა. "მრავალს დაესწარი", "გილოცაააავ"...
ძველი რა იყო, რო ახალს მილოცავ!...
ეჰ სანტა კლაუსი მაინც არსებობდეს და რამეს მომიტანდეს... პრემია კი მივიღე საახალწლოდ, მაგრამ უკვე დამეხარჯა... ნეტა ვინმე რამეს მაჩუქებს? მეეჭვება... ვის რა აქვს, რო მაჩუქოს... მე კი ჩამოვარიგე უკვე... რასაცა გასცემ შენიაო... რავი აბა, მეგობრებო... მე გავეცი და მომკას ჯერ არ ველოდები....
იგივე გაცრეცილი ფრაზით დაგემშვიდობებით: "ბედნიერი ახალი წელი! მრავალს დაესწარით! გილოცავთ!"

Комментариев нет: