9/21/2015

სამოქალაქო ინიციატივები ბერლინში

გერმანია ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაა. პირადად მე გერმანიაში ცხოვრების სურვილი არასოდეს მქონია. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებშიც 7 ქვეყნის 16 ახალგაზრდა ჟურნალისტი ბერლინში დასავლურ გამოცდილებას ვეცნობოდით. შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა და სამოქალაქო ინიციატივები იყო.
დასავლური მიდგომა, მენტალობა და ინიციატივები ჩვენთან ფაქტია ვერ ადაპტირდება.
ბერლინში მოქალაქეთა ინიციატივებთან დაკავშირებით რამდენიმე ბაღისა და სკვერის მაგალითზე მოგვიყვნენ.


Garden Community
ბაღი მდებარეობს ბერლინის ცენტრალურ ნაწილში. ერთი შეხედვით გარედან ჩვეულებრივი ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვერც კი იფიქრებ, რომ ამდენი საინტერესო რამ ხორციელდება. ბაღის ხელმძღვანელობამ მისი შექმნის შესახებ მოგვიყვა.მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეულ და მიტოვებული ძველი სუპერმარკეტის ნანგრევების ტერიტორიის გადაცემა მოქალაქეთა ჯგუფმა ბერლინის მერიას თხოვა. ტერიტორიაზე ხეების ნაწილი უკვე იყო. ალბათობა იმისა, რომ ამ ხეებს გაჩეხავდნენ და იქ ინვესტორი სასტუმროს ან საცხოვრებელ სახლს ააშენებდა დიდი იყო. მოქალაქეთა გაერთიანებამ ბერლინის მერიას თხოვა სიმბოლურ ფასად მიექირავებინა ტერიტორია, სადაც პარკი მოეწყობოდა. მუნიციპალიტეტმა თანხმობა მისცა. დღეს ამ ბაღში დიდი ნაწილი იჭირავს ბოსტანს, სადაც მოხალისეები ყუთებში რგავენ სხვადასხვა მწვანილს, ბოსტნეულს და უვლიან. კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბულგარული პილპილი და ა.შ. აქვე ახლოს არის სასადილო, სადაც ამ ბაღში მოყვანილი ბოსტნეულისაგან დამზადებული კერძების დაგემოვნება შეგიძლია.
აქვე არის სივრცე, სადაც შეგიძლია დატოვო ნივთები, რომელიც აღარ გჭირდება. ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლია აიღო სასურველი ნივთი. ცალკე არის ველო
სასაფლაო. ასე ეძახიან, თუმცა ნებისმიერი ველო მოყვარული სასაფლაოს ნაცვლად კარგ ბიზნესს გააკეთებდა. ველოსიპედი, რომელიც მფლობელის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს ბაღის ერთ მონაკვეთზე არის მიტოვებული. მისი წაყვანის უფლება ნებისმიერ მსურველს აქვს. სიამოვნებით წამოვიღებდი რამდენიმე მათგანს, რადგან უმნიშვნელო დეტალები ჰქონდა დაზიანებული 

ახალგაზრდული ცენტრი
კიდევ ერთი პარკი, რომელიც სამოქალაქო ინიციატივით შეიქმნა დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზეა. ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული პარკის ტერიტორიაც მიტოვებული შენობის ადგილას არის გაშენებული. ინიციატორებმა ტერიტორიიდან უვარგისი მიწა წაიტანეს და სანაცვლოდ ახალი მიწა დაყარეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ყველაზე დიდი დრო გამოუსადეგარი მიწის გადაყრისთვის ადგილის მოძიებას დაჭირდა. გერმანიის კანონმდებლობა გამოსადეგარი მიწის გადაყრასაც კი არეგულირებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან მოლაპარაკებით შესაბამისი ტერიტორია მოძებნა. შემდეგი რთული საკითხი კარგი მიწის მოძიებება და მისი ბერლინის ტერიტორიაზე დაყრის ნებართვის მოპოვება იყო. ამ საკითხებს დაახლოებით 3 წლიანი შრომა დაჭირდა. დღეს ბაღის ტერიტორიაზე არის პატარა სკვერი, ფუტკრის სკები, ახალგაზრდული ცენტრი და ბაღჩა-ბოსტანი.
ბოსტნის ტერიტორია 2-2 კვადრატ მიწებად არის დაყოფილი, რომელიც დროებით სარგებლობაში რიგით მოქალაქეებს აქვთ გადაცემული. ისინი იხდიან 15-20 ევროს თვეში და ვალდებულნი არიან მოუარონ ამ მიწის ნაკვეთს. მოვლის წესები გაწერილია ორგანიზაციის წესდებაში. მათ შეუძლიათ დარგონ ერთწმიანი ან მრავალწლიანი ნარგავები. ეს მათთვის მიწაზე მუშაობის სიამოვნებისთვისაა. თუ მიწით მოსარგებლე არ უვლის თავის ნაკვეთს, ორგანიზაცია ჩამოართმევს და გადასცემს სხვას. აღსანიშნავია, რომ ასეულობით მოხალისე ელოდება მათთვის მიწის დროებით გადაცემას.
ვერ ვიტყვი, რომ ეს ბაღ-ბოსტანი ესთეტიკურად ძალიან მოწესრიგებული ან ლამაზია, მაგრამ როგორც ბერლინელი მოხალისეები ამბობენ, მთავარი არსიც ისაა, რომ უნდა გავდეს სოფლის ნამდვილ ბოსტანს.
ტერიტორიაზე მოწყობილია ჭიამაიებისთვის პატარა სახლუკები, ჭრიჭინებისთვის კუთხე და ა.შ.
ცენტრის დირექტორი გვეპატიჟება განსაკუთრებული ხის საჩვენებლად, რომლის შესახებაც გვიყვება, რომ ბერლინში მხოლოდ მათ პარკში არის და იგი უცხო და საინტერესოა. ხესთან მისვლის შემდეგ გვეუბნება, რომ მგონი ეს ხე კავკასიურია. ხის პატარა ნერგი, რომელსაც წელს პირველი ნაყოფი ჰქონდა ზღმარტლი აღმოჩნდა. ვუთხარი, რომ რუსულად ნამდვილად არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ ქართულად ზღმარტლია-თქო. გემოს შესახებ და ნაყოფის სიმწიფის შესახებ მკითხეს დეტალები და ბლოკნოტში ჩაინიშნეს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვფიქრობ, ჩვენთან მსგავსი ინიციატივა არ იქნება. მიწაზე მუშაობა ისედაც ყველას ეზარება. ბათუმელთა დიდ ნაწილს სოფელი აქვს და მიწის დამუშავება იქ ურჩევნია, ვიდრე 2 კვადრატზე თვეში 15-20 ლარი გადაიხადოს.
მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ გერმანიაში მოქალაქეებს მუნიციპალიტეტი და ბიუჯეტი მეწველი ძროხა არ ჰგონიათ. ისინი არ ითხოვენ მოგვეცით სარგებლობაში, გაგვიკეთეთ პარკი ან სკვერი. ისინი ითხოვენ შედარებით დაბალი ქირით მისცეს სარგებლობაში მოქალაქეთა ჯგუფს და მოქალაქეები საკუთარი ხელიტა და ფინანსებით გააკეთებენ პარკსა თუ ბოსტანს.


რთულია ბათუმელებს მოთხოვო მსგავსი ინიციატივა, როდესაც  ქალაქში ასფალტის, წყლის, კანალზაციის სისტემის მოუწესრიგებლობის პრობლემა დგას. 

Комментариев нет: