ბებიასა და ბაბუას 6 ვაჟი ჰყავდა. მამაჩემი რიგით მესამეა.
ბებიას სპილოს დაავადება (ჭარბი სიმსუქნე) ჰქონდა და 25 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული.
უფროსი ბიძიას პირველი ქორწინება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მეორე ქორწინებიდან ორი
ვაჟი შეეძინა. ბიცოლა 25 წელი ბებიას უვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი მშობლების
მოვლა ტრადიციულად ოჯახის უმცროსი ვაჟი და მისი ცოლის ტვირთია ხოლმე, უფროს ბიცოლას
პრეტენზია არ ჰქონია ავადმყოფი ბებიას მოვლაზე.
თავიდანვე იტვირთა მოხუცის მოვლა. ბიძაჩემი ალბათ მას
შემდეგ რაც მეორე ცოლზე იქორწინა, 2 თუ 3 წელი იყო სახლში. შემდეგ რუსეთში წავიდა.
მზარეული იყო და იქ მუშაობდა. 25 წლის მანძილზე სულ რამდენჯერმე ჩამოვიდა ოჯახთან.
ბიძაშვილები ისე გაიზარდნენ, მამას ფოტოებით და გადმოცემით იცნობნენ.
მახსოვს ბიძაჩემი როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში ბიცოლა
ბედნიერი იყო. მძიმე ხასიათის კაცია ბიძაჩემი. ჯმუხი კავკასიელი. მიუხედავად იმისა,
რომ ბიძა ნასკებსაც კი არ გაიხდიდა და გასძახებდა „ქალო ნასკები გამაძრეო“, ან სხვა
ბრძანებას გასცემდა, ბიცოლა მაინც ბედნიერი იყო, ქმარი რომ გვერდით ყავდა. 25 წლის
მანძილზე ასეთი დღეები ალბათ ჯამში 50-იც კი არ იქნება.
ბიცოლა ე.წ. "ძირ" ოჯახში ცხოვრობდა. სტუმრად როცა მივდიოდი
სულ მერიდებოდა ბიცოლასი. არასოდეს დაიწუწუნებდა. გარდატეხის ასაკამდე კი, მაგრამ მერე
ჩვენთან ერთად აღარ ჭამდა. მამაკაცებთან ერთად სუფრასთან არ მჯდარა. ბაბუა, ბიძები,
ბიძაშვილები როდესაც ვსადილობდით თუ ვვახშმოდით და მოვრჩებოდით, ამის შემდეგ სამსაზრეულოში
ჩუმად შეჭამდა. ფეხებთან დაგვათბილებინებდა,
ჭურჭელს და სარეცხს დარეცხავდა ცივ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძინებდა. მისი
სამუშაო დღე ღამის 1-ზე მთავრდებოდა, დილა კი დილის 6-ზე იწყებოდა. საქონელი, ბაღ-ბოსტანი,
შემდეგ ოჯახის წევრები გაიღვიძებდნენ და იმათი დაპურება. საუზმე, სადილი, ვახშამი...
დღემდე მიაჩნია, რომ ქალი კაცთან ერთად არ უნდა ჭამდეს.
ეს ქალის მხრიდან უპატივცემულობაა. ბებიასაც ასე მიაჩნდა. „ქალი რაფერ გატეხავს პურს
კაცთან“ - აბობდა ბებია. ბებიას ისიც მართებულად მიაჩნდა, რომ 25 წლის მანძილზე რძალს
დედამთილისათვის უნდა მოევლო. დაბანა, ჩაცმა-გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და
ა.შ. პარალელურად რა თქმა უნდა ძირი ოჯახის სტუმრიანობა და საოჯახო საქმეები სოფელში.
ასე გალია ცხოვრების 25 წელი.
ბოლოს ჯანმრთელობამ უმტყუნა. ასაკთან ერთად ქალური პრობლემები
დაეწყო (არ დავკონკრეტდები) და გულის წასვლა და სისუსტე დასჩემდა. შვილები უკვე საკმაოდ
სრულწლოვანები ჰყავდა. შვილებთან ერთად დაბაში, ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. ბებიას
მოვლა აღარ შეეძლო. თავად იყო მოსავლელი. სხვა რძლებიც ჰყავდა ბებიას...
ამ ამბიდან, ცოტა ხანში, ქორწინებიდან 25 წლის შემდეგ,
50-ს გადაცილებული ბიძაჩემი დაბრუნდა სამშობლოში. ცოლის ბინაში გადასვლის ამბავი, რომ
გაიგო გაბრაზდა. მოსავლელი დედაჩემი მიატოვაო და არ აპატია. მშობლებთან დარჩა საცხოვრებლად
და ცოლ-შვილი არ მოუკითხია.
ბებია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ბაბუას ძალიან
უყვარდა ბებია. მახსოვს პანაშვიდზე, როცა ღამისთევაზე ვიყავი, ოთახში მარტო დავრჩი.
ბაბუა შემოვიდა. კუბისთან დადგა. ცრემლი მოდიოდა თვალებიდან. ჩახრეწილი ხმით მითხრა:
„არ გაგიკვირდეს ბაბუ. ქალთან ერთად 58 წელი, რომ იცხოვრებ, ისე რომ ერთხელაც არ გიკამათია,
მიხვდები რასაც ვგრძნობ ახლა მეო“... ბაბუა ბებიას გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო
გასული, რომ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი დღეც არ ყოფილა, რომ სასაფლაოზე არ
მისულიყო, მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაო საკმაოდ შორსაა სახლიდან.
რაც შეეხება ბიცოლასა და ბიძაშვილებს. უფროსმა ბიძაშვილმა
ცოლის მოყვანა, რომ დააპირა გვარის საბჭო (არსებობს ასეთიც) შეკრიბა და კითხვა, ბერიძის
გოგო მომყავს ცოლად და მტრობა ან მოყვრობა ხომ არ გვაკავშირებსო. ნებართავა მიიღო და
ცოლიც მოიყვანა. ქორწილიდან რამდენიმე თვეში ბინაში იყო (პირველ სართულზე ცხოვრობენ)
როცა ეზოში ახალგაზრდა ბიჭები ხმამაღლა საუბრობდნენ და იგინებოდნენ. გავიდა და თხოვა
- ბიჭებო, ოჯახი ცხოვრობს აქ და ძმურად, ნუ შეიგინებითო. სცემეს. ახლადმოყვანილი ცოლი
და დედა გამოვარდ აგარეთ. ამის შემდედვარე კი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი სახლში შევიდა,
დანა გამოიტანა და ერთ-ერთს დაარტყა. მძიმე ჭრილობა არ მიუყენებია, თუმცა განზრახ მკვლელობის
მცდელობისათვის ციხეში არის.
ბიძაჩემმა ესეც ბიცოლას დააბრალა. იქ, რომ არ გადასულიყავით
საცხოვრებლად არ მოხდებოდაო.
უმცროსმა ბიძაშვილმა ცოლი ცოტა ხნის წინ მოიყვანა. შეუყვარდა
და გაიპარნენ. ბიძაჩემმა არ მიიღო რძლად, რადგან განათხოვარი იყოო. ბიძაშვილმა ცოლთან
ერთად ახლო აღმოსავლეთში წავიდა ცოლთან ერთად
სამუშაოდ, მამას ისეთი რამ რო არ ეთქვა, რაც გულს ატკენდა.
ბიცოლა რძალთან და შვილისშვილთან ერთად ცხოვრობს. ცოტა
ხნის წინ ბიძაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ბიცოლას დაურეკეს - შენი ქმარს მოვლა სჭირდება და ქალი(ცოლი) ხარ და მოუარეო.
დარწმუნებული ვარ, თავისი მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად ფიქრობს, რომ ვალდებულია მოუაროს.
ცოლია და ვალდებულია. არც მარტოობაში და შრომაში გატარებული 25 წელი მიაჩნია დანაკლისად.
ქალია და ვალდებულია. ქმარი კი კაცია და რასაც უნდა იმას გააკეთებს.
ასეთია ბიცოლაჩემი. ასე მიაჩნია მართებულად. ასე მიაჩნდა
მართებულად ბებიასაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий