4/11/2014

რატომ ტრიალებს ჟურნალისტიკა მოჯადოვებულ წრეზე?

რამდენიმე წლის წინ, მანამ სანამ ერთად დავიწყებდით მუშაობას, ლაშამ მითხრა - არც ერთი სამუშაო არ ღირს მეგობრების დაკარგვის ფასად!
არ ვიცი, რამდენად არის ეს მისი სიტყვები, მაგრამ მუდამ მახსოვს, რომ ბევრგან მიმუშავია, თუმცა მეგობრები მაინც მეგობრებად დარჩენილან ან ერთმანეთი დაგვიკარგავს.
ფაქტია და უარყოფას აზრი არ აქვს, რომ ჟურნალისტები ჟარგონულად, რომ ვთქვა „სტრანნი“ ტიპაჟები ვართ.

რა მნიშვნელობა აქვსდამპალ ვაშლს  სიდამპლე ყუნწთან აქვს, ძირში თუ  მარჯვენა მხარეს აწითლებულ ლოყაზე... ამით შედეგი არ იცვლება. იმას კი არ ვამბობ, რომ ჟურნალისტები დამპლები ვართ, არამედ იმას, რომ ყველა ერთნაირები ვართ. არც საერთო სკოლა გვაქვს გავლილი, არც ერთ მედიაში დაჩიტულნი ვართ და არც ერთ უღელს ქვეშ ვყოფილვართ. ნებსით თუ უნებლიედ, მიბაძვით თუ შემთხვევით დავემსგავსეთ ერთმანეთს.
ხო, უარყავით თუკი ამას კითხულობთ კოლეგებო, მიდით, უარყავით. ამაშიც ვგავართ ერთმანეთს, რაც არ მოგვწონს მაშინვე უარვყობთ, მერე დეტალებში ვიწყებთ ძიებას... სტილისტიკა, ორთოგრაფია, ზმნა ბოლოში უნდა იყოს თუ შუაში და ა.შ. ხელჩასაჭიდს ვეძებთ და როგორც კი მივაგნებთ, მედიდურად გავაქილიკებთ. რა ვქნათ, ბუნებაში გვიზის.
რეპორტიორად მუშაობის დროს პროდიუსერმა დამირეკა ტატო, 20 თუ 22 წლის მეზღვაური დაიღუპა და გარდაცვლილის დედასთან, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ შვილი გარდაეცვალა ინტერვიუ ჩაწერეო. ვერ ჩავწერე. მომერიდა. კონკურენტმა ტელევიზიამ კი ჩაწერა. ჩემი ტელევიზიის პროდიუსერებმა მისაყვედურეს. არ მწყენია. ვთვლიდი, რომ მართალი ვიყავი.
რამდენიმე თვეში კიდევ ერთი მეზღვაური დაიღუპა. დაახლოებით ორმოცდაათისა იქნებოდა. მივედი და ძმა ჩავწერე. საყვედური მახსოვდა და პირადი ამბიციის გამო არც კი დავფიქრდი ოჯახის ტკივილზე. მიცვალებული მიცვალებულია, ოჯახის ტკივილი - ტკივილი. მე - მე, მაგრამ შემეცვალა მიდგომა.
სამიოდე კვირის წინ ჩემი კოლეგის მოსაზრება წავიკითხე გაზეთში. 70-ს გადაცილებული მამაკაცის სასამართლო სხდომაზე (ეს მამაკაცი პატარა ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული). კოლეგა წერდა, რომ ამ მამაკაცის ახლობელმა (სავარაუდოდ ცოლმა) როგორ შემოგვიტია ჟურნალისტებს. არც მე დამავიწყდება იმ ქალის ზიზღი ჩვენდამი. აცახცახებული ტუჩები და დასისხლიანებული თვალები, რომელიც ზიზღს, სირცვილს და შიშს ირეკლავდა. სასამართლო სხდომაზე ვიჯექი და ვფიქრობდი - ეს კაცი ხო, იქნებ დამნაშავეა (ამაზე სასამართლომ იმსჯელოს), კარგი დაისაჯოს, მაგრამ ოჯახი? ცოლი? შვილები? ის სირცხვილი, რომელიც ოჯახს დაატყდა თავს?
სტანდარტები მეტწილად ვიცი და რა თქმა უნდა ბრალდებულის არც  სახეს ვაჩვენებ, არც ხმას გავუშვებ ეთერში და რა თქმა უნდა არც სახელსა და გვარს ვიტყვი, მაგრამ მაინც მეშინია, მის ოჯახს რაიმე დარტყმა არ მივაყენო. ჩემთვის რიგითი თემაა იმ ათეულობით და ასეულობით თემათაგან, რომელსაც როგორც ჟურნალისტი ვამზადებ, მაგრამ ჩემი მცირედი უყურადღებობით ან შეცდომით იქნებ ვინმეს ცხოვრებას ვუნგრევ? იქნებ ვინმეს უნებლიედ ზიანს ვაყენებ?
არ ვიცი. ამაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ...
მთავარ სათქმელს მინდა მივუბრუნდე. რატომ ვტრიალებთ ჟურნალისტები მოჯადოვებულ წრეზე?
წინა ხელისუფლების დროს კრიტიკულ მედიასაშუალებებში ვმუშაობდი, როგორც ჩვენთან ეძახიან ოპოზიციურში. ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ, რომელის კურსაც მე კი არა, გამოცანების დიდოსტატი ვერ ამოხსნის.
მაშინ ნაკლებად კრიტიკულები ან საერთოდ მაქებარ-მადიდებლები გაცილებით კარგ პირობებში მუშაობდნენ. არასოდეს მშურდა მათი, რადგან ვთვლიდი, რომ მე უფრო ჟურნალისტურ „პონტში“ ვიყავი.
ხელისუფლება შეიცვალა. შეიცვალა საქებარი ობიექტ-სუბიექტები, მაგრამ არ შეიცვალა მიდგომა. „დაჩაგრულებს“ მოუნდათ პირადი კეთილდღეობის პირობების შეცვლა. ზოგმა მოახერხმა, ზოგს არც უცდია. არ მიკვირს. თითქოს ბუნებრივია. მე მხოლოდ ერთი რამ მაკვირვებს - მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ადგილები გაცვალეს, როგორ არიან მაინც ობიექტურები, დამოუკიდებლები და მართალი სიტყვის დარაჯნი?
ჩემს უბანში სამწუხაროდ ბევრი ბორდელია. ყოველ ღამე ჩხუბი და აყალ-მაყალი. პროფესიული უნარ-ჩვევა თუ ზედმეტი ცნობისმოყვარეობაა, მაგრამ ხშირად ვადევნებ თვალს ეზოში მიმდინარე პროცესებს. ნაზიკს (პირობითი სახელია) ხშირად ვხედავ სხვადასხვა კლიენტებთან ერთად როგორ შედის და გამოდის ტურფა (ვაი იმ სიტურფავეს) ქალების ბარში. ღამის 11-დან იწყებს ეს ბარი მუშაობას. როდის ასრულებს არ ვიცი, მაგ დროს მძინავს. იგივე ნაზიკოს დღის მანძილზე ვხედავ მისი სახლის წინ საცხობში, სადაც მუშაობს. ბევრჯერ გამიგონია - საცოდავი ნაზიკო, რამდენს მუშაობს შვილებს, რომ აჭამოს.
ნამდვილად მშრომელია ნაზიკო. ნამდვილად ცდილობს შემოსავლების გაზრდას. დღისით ცომს ეფერება, ღამით მამაკაცებს.
ნაზიკო მეზობლების თვალში მშრომელი, მეოჯახე ქალია. ღამის კლიენტების თვალში - ბოზი. მუშაობს იმიტომ, რომ ოჯახი არჩინოს.
პ.ს. ეს ბოლო წინას გაგრძელებაა. ვგონებ სულაც არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი J
პ.ს.ს. და მაინც გჯერათ, რომ არსებობენ ობიექტური, დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი ჟურნალისტები?

მსგავსნი არასოდეს არც არსებულან. 

Комментариев нет: