2/11/2014

სამშაბათი. დღიური #2

დილით ტელეფონზე დაიკოს ზარი მაღვიძებს. „ტელეარხ 25“-ზე ნეკროლოგებში გვინდა გამოვაცხადოთ და ტექსტი შენ უნდა დაწეროო. ჟურნალისტი ხარო და უკეთესად დაწერო. ღმერთმანი, რა დავაშავე?!  არ მეგონა ოდესმე ბიძაჩემის ნეკროლოგს თუ დავწერდი. მე რამდენი მოგონება მაკავშირებს ბიძაჩემთან... შეუძლებელია ეს ნეკროლოგში დაწერო. სისულელეა... არ შემიძია. ვერ ვწერ. დავწერ ტრაფარეტულად გარდაიცვალა და გასვენება არის ამა და ამ დღეს-თქო.
მაინც დავწერე.
ფეისბუქზე შევედი. ფრენდების მიერ ერთ-ერთ ყველაზე გაზიარებად პოსტმა მიიქცია ყურადღება. რადიო თავისუფლებისათვის დღიურებს გიორგი საბანაძე წერდა. გავხსენი. ერთი აბზაცი წავიკითხე. გამოვრთე. რამდენიმე წუთში ისევ ჩავრთე. კითხვა გავაგრძელე. ისევ გამოვრთე.
ყავა მოვამზადე. დავჯექი და ვფიქრობ, რომ ყავას დღიურები უხდება. ისევ გავხსენი და ბოლომდე წავიკითხე. კარგი იყო. არ ვიცნობ, მაგრამ დღიურებმა ამ პიროვნების მიმართ  სიმპათიით განმაწყო. ნეტა თავად დაწერა? ბიძინას არასამთავრობოს ხელმძღვანელია. იქნებ პიარშიკებმა დაუწერეს? არ ვიცი. ან რა მნიშვნელობა აქვს? დილით ყავასთან კარგი იყო. იმდენად კარგი, რომ მეც მომინდა დღიურების წერა. დავიწყებ... ახლა არა! არ მაქვს დრო. საღამოს იყოს - ვფიქრობ და სახლიდან გავდივარ.
ამ ფიქრებში სხვა „მარშრუტკაში“ ჩავჯექი. ჯანდაბას! სადაც ყველაზე ახლოა იქ ჩამოვალ და ფეხით მივალ. ეს რაღა ჯანდაბაა #25-ს   #25ა დამაებია. გორგასალიდან მელიქიშვილით უხვევს და ბაგრატიონზე გადადის. მე ჭავჭავაძეზე მინდოდა. ფეხით მივალ.
ნეკროლოგი „ტელეარხ 25“-ში მივიტანე. ნიუსრუმში ავედი და კოლეგებთან რამდენიმე წუთით წავიჭორავე. წინა დღით გაჟღერებული გაუპატიურების მცდელობის შესახებ მომზადებულ მასალებზე ვისაუბრეთ.
ტელევიზიიდან პირდაპირ სამძიმარში წავედი. ეზოში ხალხი ირეოდა. კაცებიცა და ქალებიც განუწყვეტლივ ჭორაობდნენ. პოლიტიკა, ეკონომიკა, რეგიონი, გარდაცვლილი, გარდაცვლილის ოჯახის წევრები, გარდაცვლილის ნათესავები... მოკლედ სალაპარაკოს რა გამოულევდათ.
ბევრი მონატრებული ნათესავი ვნახე. ბევრიც ისეთი ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ მოდიოდნენ და მკოცნიდნენ. „შენ ჩვენი თინიკოს ბიჭი არ ხარ? ტელევიზორში გხედავთ. პაწაი ხშირხშირად გამოჩნდი, რომ დიგინახოთ“. ვუღიმი და ვცდილობ არ შევიმჩნიო, თუ როგორ მეზიზღება სიტყვები „ტელევიზორში რატომ არ ჩანხარ?“ ან „ტელევიზორში პაწაი ხშირად გამოჩნდი“.
მოსაღამოვდა.
პანაშვიდზე თანამშრომლებიც მოვიდნენ. გამეხარდა. თითქოს არაფერია ამაში სასიხარულო, მაგრამ ძალიან მესიამოვნა.
დრო ჯიუტად დინჯად მიდის. უკვე მე-2 კოლოფი სიგარეტი გამოვცალე. აღარ მინდა მოწევა, მაგრამ სხვა არაფერს ვაკეთებ. უსაქმურობა ყველაზე დამღლელი ყოფილა.
ცივა. ძალიან ცივა. აღარც დგომა შემიძლია და აღარც დაჯდომა. ვიყინები.
ბიძაშვილებთან ერთად მეორე ბიძიასთან გადავედით. ბიძაშვილის შვილები პირველად ვნახე. კახა ჩემი ტოლია, მაგრამ უკვე ორი ვაჟკაცის მამაა. გიგა 2 წლისაა, ლუკა ერთი თვის. ლუკას ვეთამაშები და ვფიქრობ, რომ მეც მინდა შვილი. არა, არ მინდა. არა, მინდა. არ ვიცი. ბავშვი მინდა, მაგრამ ცოტა ხნით რომ მოვეფერო. მზრუნველობის და აღზრდის პასუხისმგებლობას ჯერ ვერ ვგრძნობ ჩემში.
ვჭამეთ, გავთბით და ისევ პანაშვიდზე დავბრუნდით.
ბიძაშვილი შორენა მხვდება და მეუბნება, მამიდამ (გარდაცვლილის მამიდა, ბაბუაჩემის და) შენც გახსენაო. მე რაღა შუაში-თქო. ტელევიზორში რომ ვხედავ შენს დისშვილს რაფერ მიხარიაო. დღეს მისი თანამშრომლებიც მოვიდნენ სამძიმარზეო.
გავბრაზდი. მეტი გასახსენებელი ვერაფერი ნახა? მე რაღა დამატირა ცხონებულის კუბოზე? მე რაღა შუაში ვარ-თქო.
ფენომენია ეს ქართული სატირალი. რას არ მოისმენ. მომტირალი ქალები რას არ წამოროშავენ ხოლმე. მოყვებიან ჭორაობას ოღონდ ტირილით და გაიხსენებენ ყველაფერს. სხვები უსმენენ. მერე თვითონ გამოდიან და ცდილობენ უფრო კარგად იტირონ. მაცოფებს სიტყვები „იმან უფრო კარგად იტირა!“...
სახლში გვიან ღამით ვბრუნდები. გამორთულ ტელევიზორს ვუყურებ და ვფიქრობ.
დღიურები დავწერო თუ არ დავწერო? კი თუ არა?
ვიცი, რაღაც კუდს გამოაბამენ. რაღაცას ენაზე დაიხვევენ. მივცე სალაპარაკო თუ არა?
დავწერ! დაე, ილაპარაკონ. თუ ჩემზე ილაპარაკებენ ე.ი. მათზე საინტერესო ცხოვრება მქონია. ეს უკვე კარგია.
დავწერ! მინდა წერა და დავწერ. პრესა მენატრება.
წერა მინდა!
დაილოცოს ბლოგინგი!
ხო და ვიწყებ...


Комментариев нет: