ზღვისფერი თვალები აქვს. ლაჟვარდოვანი ზღვისფერი. სექტემბრის
შავ ზღვას აქვს ხოლმე ასეთი მკაფიო ლურჯი ფერი, თუმცა ამ სილაჟვარდის სიღრმე ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე უფრო კარგად აღიქმება.
ერთმანეთი ანტალიის აეროპორტში გავიცანით. „გო მედია
გრუპის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ამიერკავკასიაში მომუშავე ახალგაზრდა ჟურნალისტები
ქემერში მედია სკოლის ფარგლებში შევიკრიბეთ.
აზამატი სამხერთ ოსეთიდანაა. 19 წლისაა. ჯერ უნივერსიტეტში სწავლობს, პარალელურად კი ოსეთის ეროვნულ ანსამბლში ცეკვავს. (თუ არ ვცდები ასე ქვია ანსამბლს). ბოხი, ხრიწიანი ხმა აქვს. მთიანი კავკასიისათვის დამახასიათებელი მოგუდული ხმით საუბრობს. ხასიათიც კავკასიური აქვს.
მედია სკოლაში ერთ ჯგუფში მოვხვდით. რუსული ზედმიწევნით
კარგად არც ერთმა ვიცით, მაგრამ დამეგობრობაში ამას პრობლემა არ შეუქმნია. ხშირად ვებოდიშებოდით
ერთმანეთს, რომ რუსულად გამართულად ვერ ვსაუბრობდით
და შემდეგ ამაზე ვიცინოდით.
ერთ დღეს ტრენერმა დავალება მოგვცა. უნდა გადაგვეღო
პეიზაჟი, პორტრეტი,ნატურმორტი და ფოტო ისტორია.
ხმელთაშუა ზღვა არასოდეს მენახა და დავალების
შესასრულებლად ჯგუფის წევრებს სანაპიროზე გასვლა შევთავაზე.
ზღვის ტალღების ხმა მზიან ქემერში პლაჟის მახლობლადაც
არ ისმოდა. ვიწრო ქუჩის ბოლოს სილაჟვარდე კამკამებდა.
მე, აზამატი (ოსეთიდან) და აიდანი (ქვემო ქართლელი აზერბაიჯანელი) ფოტოების გადაღებით
გართულები ვიყავით, როცა აზამატმა თქვა - მე არასოდეს მინახავს ზღვა.
ადგილზე გავშეშდი. პირველად შევხვდი ადამიანს, რომელსაც
ზღვა არასოდეს ენახა. მე ბათუმის მახლობლად სოფელში გავიზარდე. ჩემი საძინებლიდან,
აივნიდან და მთელი კარმიდამოდან ზღვა მოჩანს. ზღვა განსაკუთრებულად არასოდეს მიყვარდა,
მაგრამ ბავშვობაში სოფლის ზემოთ ტყეში ავდიოდი და იქედან ვუყურებდი ზღვის ჰორიზონტს.
ადგილიდან საიდანაც ჩანდა, რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია.
-
მართლა არასოდეს გინახავს? - ვეკითხებით მე და აიდანი.
-
არა. არასოდეს. გვჯერა, რომ არასოდეს უნახავს. პირველი შეხვედრის დროს თქვა,
რომ არც ისე შეძლებული ოჯახში ცხოვრობს, რომ დასასვენებლად წასვლის კომფორტი ჰქონდეს.
თან მაშინ დაიბადა, როცა ცხინვალში ომის დენთში იყო გახვეული. რუსეთ-საქართველოს დაძაბული
ურთიერთობა ყველაზე მძიმედ სწორედ მის რეგიონზე აისახებოდა. 2008 წლის ომიც კარგად
ახსოვს. ბავშვობაში მშობლების მონათხრობი თავადაც
ნახა საკუთარი თვალით.
ზღვის პეიზაჟის
გამოჩენამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა. პატარა კიბით პლაჟზე ჩავედით. მე ზღვის ნაცვლად
აზამატის რეაქციას ვაკვირდებოდი. ზღვისფერი თვალები გაუფართოვდა, სახე გაებადრა. რამდენჯერმე
ღრმად ჩაისუნთქა და თავისი ბოხი, კავკასიური ხმით თქვა: „ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს!“.
ხმა არავის ამოგვიღია.
ზღვას მივუახლოვდი. ემოციებს ვაკვირდებოდი. შემდეგ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და გადაღება
დავიწყე. იგი ნელა მიუახლოვდა ზღვას. ჩაიმუხლა და წყალს შეეხო. „გადამიღე!“, „ რა მაგარია!“
- გვეძახდა მე და აიდანს და ზღვის ტალღებს თითებით ეთამაშებოდა. შემდეგ ფეხზე გაიხადა
და წყალში დადგა. ეს იყო ემოციური სიცილი და ბედნიერება, რომელსაც წერილობით ვერ გადმოსცემ.
ფოტოსესიის შემდეგ
პლაჟს დავუყევით. ქემერში სასტუმროებს პლაჟზე საკუთარი მონაკვეთები გააჩნიათ და სხვა
სასტუმროს მცხოვრებლებს იქ არც ბანაობის და არც დასვენების უფლებას არ აძლევენ. ჩვენ
გეზი პლაჟის ბოლოს მდგარი იახტებისკენ ავიღეთ. იქამდე ალბათ 5 კილომეტრი იქნებოდა.
როდესაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გავცდით და უკვე გამოჩდნა ტერიტორია, სადაც ბანაობის
უფლება ყველას აქვს, გავჩერდით. გავიხადე და ზღვაში ჩავედი. ზღვიდან აზამატს გამოვძახე
შენც ჩამოდი-თქო. 2 წუთში ისიც წყალში იყო.
- - ცურვა
არ ვიცი - მეძახის იგი.
- - არაუშავს,
მე ვიცი და თუ რამე დაგეხმარები - სიცილით გავძახე მე.
- - მარილიანი
ყოფილა, ძალიან მარილიანია. შავი ზღვაც ასეთია?
- - კი, შავი ზღვაც მარილიანია, მაგრამ ეს უფრო მარილიანია.
იგი ბოლო ხმაზე ხარხარებდა და გაიძახოდა „რა მაგარია!“. „მადლობა“.
„ტარიელი ჩემი
ძმაა! ტარიელი ჩემი ძმაა!“ - გადამიღე, როგორ ვბანაობთ ერთად - გასძახა აიდანს ბოლო
ხმაზე. ყველანი ვიცინოდით. ლურჯად მოკამკამე ზღვაში რამდენიმე წუთი ვიბანავეთ. არ გვინდოდა
თბილი, კამკამა, თუმცა მარილიანი წყლიდან ამოსვლა.
რამდენიმე წუთით
დრო გაჩერდა. ვბანაობდით, ვიცინოდით და სხვა არაფერი გვაინტერესებდა.
სასაცილოა, სატირალი
რომ არ იყოს. ქართველი და ოსი ერთად ვბანაობთ თურქეთში, ხმელთაშუა ზღვაში და არა შავ
ზღვაში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ბუნებრივი სიმდიდრეა.
არასწორი პოლიტიკის,
უთავბოლო პოლიტიკოსების თუ იმპერიალისტური ზრახვების გამო ყველანი დავზარალდით. აფხაზები,
ოსები, ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები ერთად შევიკრიბეთ ქვეყანაში, რომელიც
ერთ დროს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი იყო და მას ერთიანი ძალებით ვებრძოდით. დღეს შიდა
დაპირისპირების გამო იგი ჩვენთვის ნეიტრალური ტერიტორიაა.
პირველ შეხვედრას
რა თქმა უნდა ახლდა უნდობლობა, ერთმანეთის შიში. ჩვენს თაობას ის ომი არ ახსოვს, რამაც
ქვეყნის გახლეჩა გამოიწვია, მაგრამ გვახსოვს მშობლების მონათხრობი. აფხაზებთან და ოსებთან
ურთიერთობისას სულ მაქვს დანაშაულის გრძნობა. პირადად მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ
მაშინ, ომის დროს ჩვენც დავაშავეთ... ერთმანეთს ვესვროდით, ერთმანეთს ახლობლები მოვუკალით...
შედეგად კი ორივე მხარე დავზარალდით.
დიახ, მეც ვთვლი,
რომ აზამატი ჩემი ძმაა! მე მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს და მინდა, რომ მალე ერთად
შავ ზღვაში ვიბანაოთ, ისევ ბევრი ვიცინოთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით. მინდა, რომ
ცხინვალში და სოხუმში ჩავიდე და გავიცნო ოსები
და აფხაზები, გავიცნო მათი კულტურა, ყოფა და რეალობა. მინდა, რომ ისინი დავპატიჟო ჩემთან
მზიან აჭარაში და გავაცნო ჩვენი ტრადიციები და კულტურა.
ჩვენ მომავალი
თაობა ვართ, ომის შემდეგი თაობა და ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ, რომ აღარასოდეს ავიღოთ იარაღი
ერთმანეთის წინააღმდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий