6/15/2012

ოცნებიდან რეალობამდე... ბავშვობის ახდენილი ოცნება

რამდენიმე დღის უკან ურეკში მომიხდა გადაღებაზე წასვლა. ურეკთან ახლოს ბებია
ცხოვრობს და ბავშვობაშიც ხშირად ჩავდიოდი დასასვენებლად.
ბოლოს 2005 წლის ზაფხულში ვიყავი. წლების შემდეგ პატარკაციშვილის მიერ გალამაზებული "იმედის" ქალაქი კიდევ უფრო გაპარტახებული იყო... მეწყინა, მეგონა უფრო გალამაზდებოდა და უფრო დამშვენდებოდა გურულების სიამაყე.
შორენა ღლონტთან ერტად პლაჟზე გავედი... ქვიშაში  ფეხშიშველი გავიარე და უნებლიედ მოგონებებში გადავვარდი...

2004 წელს მაშინ როცა ჩემს სოფელში ნარკომანია და ძველბიჭობა მეფობდა, გადავწყვიტე უნივერისტეტში ჩამებარებინა. იმ დროისათვის ოჯახში არავინ მუშაობდა და მშრობლები "წელზე ფეხის დადგმით" ასწავლიდნენ ჩემს დებს უმაღლესში. მე როგორც ნაბოლარა, სკოლაში დავდიოდი. მაშინ იმ ასაკში ვიყავი, როცა ყველა კაი ბიჭობაზე ოცნებობდა და სიგარეტის მოწევა კარგ ტონად ითვლებოდა. (მაშინ სიგარეტის მოწესი სურვილიც არ მქონია, დღევანდელობისაგან განსხვავებით).
მოკლედ მშობლებს განვუცხადე, რომ ურეკში მივდიოდი ბებიასთან. წავედი კიდეც. ბებიას ვითხარი, რომ მე ურეკში ვაჭრობას ვაპირებდი... ბებიების ჩვეული შეცხადიებაც დავიმსახურე "ტიტუუ რავა ივაჭრებ შენ ამ სიცხეში პლაჟზე! ხელში გინდა ჩამაკვდე? მე ვერ გაგიშვებ!"... ბებიას ვინ უსმენდა.. ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები უნდა მეყიდა და საკუთარი ჩასაცმელი თავად უნდა მეყიდა...
წავედი, სრულიად უცხო ქალაქში...
მაშინ დამწყებებისთვის (ანუ ვისაც არ იცნობდნენ) საწყის ეტაპზე მხოლდო ფენოვანებს ატანდნენ. 10 ფენოვანს გაყიდდი პლაჟზე, შემდეგ ფულს ჩააბარებდი. 40 თეთრად ვიღებდი და 50 თეთრად ვყიდდი. ასე იყო 1 კვირა. მერე ფენოვანებს ბურბულა დავამატე, შემდეგ მზესუმზირა და ასე დახუძლული, დილით 8 საათიდან საღამოს 9-მდე ურეკის პლაჟის მთელ სანაპიროზე დავდიოდი და ვვაჭრობდი.
თანატოლების ქილიკს და დაცინვას არაფრად ვაგდებდი. მიზანი მქონდა და უნდა მიმეღწია.
სახლში დაბრუნებულს 5-6 ბიძაშვილ-დეიდაშვილი მხვდებოდა. ისინი მთელი დღე თამაშსა და გართობაში ატარებდნენ. დაღლილს მალე მეძინებოდა და თან დილით ადრე უნდა გავსულიყავი "სამუშაოდ". სწორედ მაშინ მოუნდებოდათ თამაში და ხითხითი...
იმ წელს 200 ლარამდე გამოვიმუშავე. საკუთარი ჩასაცმელი და წიგნები თავად ვიყიდე. დებსაც ვიყიდე თითო რაღაც. ტესტებიც შევიძინე. ტუტორთან მომზადების ფული არ მქონდა, ამიტომაც თავად ვემზადებოდი სახლში.
მეორე წელს, ეროვნულები ჩავაბარე და როგორც კი გამოცდები დავამთავრე ისევ წავედი ურეკში. უნივერსიტეტში თუ ჩავაბარებ იქ უფრო მეტი ფული მინდა მეთქი. ფენოვანს, მზეზუსზირას და ბურბუშელად ნაყინის ჩანთან დავამატე და უკვე როგორც გამოცდილი მუსახელი ბეჯითად შევუდექი საქმეს.
გამოცდების პასუხი 5 აგვისტოს იყო. ბათუმში ჩამოვედი და გავიგე, რომ უნივერისტეტში პირველივე სპეციალობაზე ჩავაბარე, თან საოცნებო ჟურნალისტიკაზე. გრანტიც მივიღე 30%. მაგრამ 70 % თავად უნდა დამეფარა. ოჯახი ვერ დამეხმარებოდა.
არაფრად ვაგდებდი ფლოსტებში ცხელი ქვიშის ტრიალს, თაკარა მზეს... მეტი და მეტი უნდა მემუშავა. უკვე სტუდენტი ვიყავი... შევძელი და საკუთარი თანხები დავფარე...
ყოველ დღე იმას ვოცნებობდი, ოდესმე მეც მიმეღწია ცხოვრებაში იმ მდგომარეობამდე, რომ ჩამოვსულიყავი დასასვენებლად და ჩემსავით მოვაჭრეებისათვის ზეედმეტიც კი გადამეხადა, რომ ოჯახს დახმარებოდნენ.
წლების შემდეგ როცა ჩავედი, რაღაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა... მივაღწიე რაზეც ვოცნბებობდი... ჟურნალისტიკაში ვარ, ანაზღაურებაც ნორმალური მაქვს და ოჯახის რჩენაც შემიძლია...
ბედნიერი ვიყავი, რომ ის პატარა ბიჭი, რომელიც ურეკის ქვიშაზე თითქმის ფეხშიშველა დააბიჯებდა და ოცნებობდა, ახლა იქ არის სადაც უნდოდა ყოფილიყო... ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო...

Комментариев нет: