2/02/2011

აჭარული ნიცა და სინგაპური


ბათუმი მალე შავიზღვისპირეთის მარგალიტი იქნება - გვაიმედებენ პოლიტიკოსები.  დღეს კი ჩვენი ქალაქი ხან აჭარული ნიცაა, ხანაც სინგაპური. მშენებლობების ბუმმა და სიმაღლისკენ სწრაფვამ ისე აგვიტაცა ალბათ მალე საკუთარი სხეულის სიმაღლეც არ მოგვეწონება და დაგრძლებების სხვადასხვა საშუალებებს მივმართავთ.
ამას წინათ ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე. გონიოდან ბათუმისკენ მოვდიოდი და მაკვირვებდა კახაბრის და ახალსოფლის დაბლობების სიცარიელე. არც ერთი მაღალი კორპუსი და სასტუმრო იქ არ არის. ის ადგილები არც ინვესტორს 
აინტერესებს და არც პოლიტიკოსს. ქალაქში შემოსვლის შემდეგ, ხოფის დასახლებაზე კომუნისტების დროინდელი სხვადასხვა ფერებში აჭრელებული 12 სართულიანი კორპუსები, რომლის ბათქაშშელახულ კედლებს საღებავი უფარავს, მეტნაკლებად მაინც ქმნის ქალაქის ეფექტს.
გადათხრილი ქუჩებიდან თავის დასაღწევად ზღვისპირა ქუჩით წამოვედი. ხიმშიაშვილის ქუჩიდან დაიწყო მშენებლობების ბუმი. ჩაბრუნებული ბოთლის ფორმის იუსტიციის სახლი, ცენტრ-პოინტი ვერა და ვერ დამთავრებული ელიტარული საცხოვრებელი სახლი და უნივერსიტეტის გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც ჯერ თავად დამკვეთს ვერ გაურკვევია, როგორი იქნება დიზაინი და რა ერქმევა სასტუმროს. ჯერჯერობით ერთადერთი დასრულებული შენობა მხოლოდ შერატონია, რომელიც მაკეტზე ლურჯად შეღებილი იყო, ეხლა კი საღებავის ნაკლებობის გამო თეთრ ფერადაა. როგორც ქართველებს გვიყვარს მიშენება-დაშენება, ისევე გადაუწყვეტია შერატონის მფლობელს და კაზინოს „ლოჯი“-ს მიშნებითაა დაკავებული.
ჩვენს ქალაქში სიტყვები „ელიტარული“ და „კარიბჭე“ იმდენად პოპულარულია, რომ ყველა მშენებარე სახლზე ასეთი აბრებია გაკრული „ელიტარული სახლი ბულვარში“, „ბულვარის კარიბჭე“ და ა.შ.
ბულვარის ცენტრში, კოლონადების გვერდით 60 სართულიანი სასტუმრო რიც კარლტონი შენდება. სასტუმროს მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება, რომელშიც შესვლა რუსთაველის ქუჩიდან მოხდება. ვერ გეტყვით ვინ და როგორ აპირებს ჭაობზე გაშენებულ ზღვისპირა პარკში მიწის გათხრას იმ სიღრმეზე, მაგრამ სასტუმროს სიმაღლე მაშინებს. ჭაობში აშენებულ უზარმაზარ შენობას სავარაუდოდ გრუნტი ვერ გაუძლებს, და მისი ლანდი მზის ჩასვლისას მახინჯაურის მთებამდე მიაღწევს.
მეორე მშენებარე და განსაცვიფრებელი ნაგებობა ნაბანის კოშკია. 130 მეტრიანი შენობა რესტორანს და ტელე სტუდიებს გააერთიანებს. მასში ქართული გენის კოდი უნდა ჩაიდოსო გვამხნევებს პრეზიდენტი. შენობის დიზაინი ბაბილონის გოდოლს მაგონებს. მთავარია აშენების დროს მშენებლებს ენები არ აერიოთ და შეძლონ დასრულება, თორემ დიდი ზარზეიმით დაწყებული მშენებლობა, „რედისონის“ და „ჰაიატის“ მსგავსად გაიყინება და ქალაქი მუდმივად მშენებარე ქათქათა მარგალიტად დარჩება.
ვშიშობ ჭაობზე გაშენებული, ცად აზიდული შენობები და პრიორიტეტ მინიჭებული ერთადერთი ქუჩა მალე შეტორტმანდება. სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მძიმედ ამოიოხრებს. მხრებს შეიბერტყავს და მიწასთან გაასწორებს ჩვენს „კარიბჭეებსა“ და ფსევდო „ელიტარულ“ სახლებს...
აი, მაშინ რაღა გვეშველება?

მასალა დაბეჭდილია მოსაზრების სახით გაზეთ "ბათუმელებში" 

1 комментарий:

Masalkina комментирует...

dEvigupet! )))