11/25/2010

რეპორტაჟი საგადასახადო ინსპექციიდან


-        საგდასახადოსთან გაივლი?
-        ახალი ქუჩით გავდივარ, რესპუბლიკურიდან გადაკეტილია და ფიროსმანით გავდივართ ყველა. - ამბობს მძღოლი.
-        იქვეა. გამოგყვებით - ვეუბნები და #4 მარშუტკაში მძღოლის გვერდით ვჯდები.
-        ამხელა ქუჩა გახსნეს და სახელი არ ქვია. რა ვერ მოიფიქრეს, ათასი ვიღაცაა... დაარქვან რამე სახელი. წუწუნებს მძღოლი.
-        ქვია და თანაც ისეთი სახელი გაოცებული დარჩები - ვეუბნები ღიმილით და თან ვცდილობ გავიხსენო ზუსტი დასახელება.
-        რა ქვია ამისთანა?
-        შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰინის ქუჩაა - ვუთხარი და რეაქციას დაველოდე.
-        ვისი? - იკითხა მძღოლმა და გაოგნებულმა შემომხედა.
-        ეს ის კაცია ქართველებს ათი ათასი პალმა, რომ გვაჩუქა.ეს სახელი უნდა იცოდეთ. ვინმე, რომ გკითხვავთ რომელ ქუჩაზე ხარო ეტყვით ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰინის ხეივანში ვარო.  - ამის შემდეგ მძღოლს ხმა არ ამოუღია. რაღაცას ღრმად და მრავლისმეტყველი სახით ფიქრობდა...
-        კუთხეში გამჩერეთ -ვუთხარი ლამის ჩურჩულით, რომ ფიქრებისაგან არ გამოემთიშა.  მძღოლმა გზის ფული არ გამომართვა. ჩადი ბიძია, იმფერი ამბავი მითხარი არ მინდა შენი 30 კაპიკიო.
საგადასახადოთან მუდმივი ხალხმრავლობა და დამძიმებული სახეებით მიდი-მოდიან. მძიმე რკნის კარებს ყველა იმაზე მძიმედ აღებს ვიდრე მისი წონაა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების ბიუროში მუდმივი ფუსფუსი და რია-რიაა. ყვირილი, ჩხუბი, ჭორაობა აქ ჩვეული ამბავია.
შესასვლელში საშუალო ასაკის (დაახლოების 35-ს მიტანებული) ქალი დაცვის ფორმაში გამოწყობილი დგას და შემომსვლელებს რიგის ქვითრის აღებას თხოვს. -- რომელ ნომერთან მიდიხართ?
-        დეკლარაციებითან დაკავშირებით ესმასთან.
-        დიდი რიგია დაელოდე.
ქვითარის აღების შემდეგ ველოდები რიგს...
დახლთან მისვლამდე ჯაჭვის ღობეა შემოვლებული...
გარშემო სხვადასხვა სახის გამომეტყველებით გადასახადის გადამხდელები, პრობლემიანები და უპრობლემოები, მდედრები და მამრები რიგს ელოდებიან. თან ჯაჭვის ბოლოს მდგომ დაცვის თანამშრომლის ”შეხუჭუჭებას” ცდილობენ, რომ რიგში მალე გავდნენ.
რიგში, ჩემს წინ 70-მდე წლის მოხუცი მამაკაცი გაცრეცილ ქაღალდს აფრიალებს. ცუღლუტი ბაბუა რიგში გაძვრა- გამოძვრა და მიაღწია დანიშნულების ადგილს.
-        მაღაზია მქონდა და დავხურეთ კაი ხნის წინ. ახლა მოვიდა ჯარიმა სალარო აპარატი არ გაქვთო, თუ რაღაცა და დახურულ მაღაზიაზე რაღა ჯარიმა გინდათ?
-        ბატონო თქვენ გექნებოდათ ინდ. მეწარმე და უნდა დაგეწერათ განცხადება დახურვის შესახებ - უხსნის საგადასახადოს თანამშრომელი.
-        რავა კაცო ეგ არ უნდა გეთქვათ? 2001-ში დავხურეთ და მაგის მერე არაფერი გვიქნია. ან ჯარიმას, რომ მაკისრებ  გაფრთხილება მაინც მომეცი წინასწარ.
დაპირისპირებამ და ხმის ტონის აწევამ თანდათან უფრო მოიმატა. საბოლოოდ მოხუცი ე.წ. ”იძულებითში” გაუშვეს. (იძულებითს ეძახიან ერთ-ერთ სამსახურს სადაც ”ცუდი” გადამხდელები ხვდებიან და მათზე ჯარიმები და სხვა ღონისძიებები ტარდება).
როგორც იქნა მოვიდა ჩემი რიგიც. ესმა ლომაძე ადგილზე არ დამხვდა. 40 წუთი ველოდე და საბოლოოდ 2 წუთი დამითმო.
-        ჩემი ორგანიზაციის ანგარიშს ადევს ინკასო. როგორც ამიხსნეს ეს არის საშემოსავლოს გადაუხდელობის გამო. აი, საბანკო ქვითრები და გთხოვთ მომიხსნათ ინკასო - ვეუბნები და თან ვცდილობ მოვიპოვო მისი კეთილგანწყობა.
ესმამ საბუთები გამომართვა. კომპიუტერში გადაამოწმა და მომიბრუნდა. კი გაქვთ გადახდილი მაგრამ ძველი დეკლარაციები გაქვს ჩასაბარებელიო. უკან გაბრუნდა და დამტოვა საბუთებით ხელში.
- ”ვა რა ზრდილობიანი ქალი ყოფილა.  ასეთი ერთნაირები როგორ მოხვდით აქ ყველა” - ჩაიბურტყუნა ჩემს უკან რიგში მდგომმა. 
გამოვბრუნდი და იძულებითში წავედი. საშვი ავიღე და მოვემზადე, რომ კვლავ ვინმე ძალიან დაკავებული და ჩემს პრობლემებზე უარესის გადაწყვეტაში კომპეტენტური პირი  ორიოდ წუთს დამითმობდა და ამიხსნიდა პრობლემის არსს.
კაბინეტში შესვლისას მომღიმარი ქალბატონი დამხვდა. მიმიპატიჟა და ზრდილობიანად გამომკითხა პრობლემის არსი. რჩევაც მომცა და ზუსტად ამიხსნა ინკასოს მიზეზი. ქვითრები ვაჩვენე და შედარების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ 5 ლარით ზედმეტი მაქვს გადახდილი საშემოსავლო.
დავემშვიდობე და წამოვდი. გზაში ვფიქრობ: ერთ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები როგორ სხვადასხვაგვარად ეპყრობიან მომხმარებელს... ეს იძულებითი სამსახური იყო თუ კნინობით-ალერსობითი ახსნა განმარტების?
გამოსვლისას კარი მსუბუქად გაეღო... მეც მსუბუქად გამოვედი. ცოტა მანძილის გავლის შემდეგ უკან მივიხედე.
შემსვლელები კარებს ისევ მძიმედ აღებდნენ და ხურავდნენ. ისევ წუწუნი... ისევ ხმაური... მე გადავრჩი... სხვებს რა ბედი ეწიათ?
ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ-ნაჰინის ქუჩაზე გავჩერდი. შავი ზღვის კარიბჭედ წოდებულ თაღს გავხედე , შემდეგ ნინოშვილის წრიულს და გზა გავაგრძელე.
მგონი იმ ერთეულებში გავდივარ ვინც ამ ქუჩის სახელი იცის... რად მინდოდა ნეტა რომ დავმახსოვრე... მაგრამ .... რატომ არ უნდა ვიცოდე?

Комментариев нет: