10/17/2010

თვითმმართველობასთან ხელშეკრული ტელევიზიები


ტელეკომპანია რიონი
16 რეგიონული ტელევიზია არ მალავს, რომ ოფიციალურად აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მუნიციპალიტეტთან. ინარჩუნებენ თუ არა დამოუკიდებლობას არხები, რომლებიც დაფინანსების ამ პრაქტიკაზე უარს ვერ ამბობენ?
19 ივლისის, დღის მნიშვნელოვანი ახალი ამბების გასაგებად ქუთაისელები საღამოს ტელეკომპანია "რიონის" საინფორმაციო გამოშვებას ელოდებიან.
ეკრანზე პარლამენტის მშენებლობის ამსახველი კადრები ჩნდება. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ სიუჟეტის ავტორის ხმაც ისმის: "ქვეყნის მთავარი მშენებლობა! _ ასეთი შეფასება მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა".

"რიონის" საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა, 8 წუთი პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებას დაეთმო, ამ 8-წუთიან ქრონიკაში კი მოვლენების აღსაწერად ჟურნალისტმა სულ 3 წუთი დაიტოვა, დანარჩენი 5 წუთის განმავლობაში ტელევიზორიდან პრეზიდენტის ხმა ისმოდა. ის ქუთაისის ქუჩების შემოვლისას, დროდადრო ჩერდებოდა და კამერების წინ ქალაქის აღმშენებლობისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვრცლად საუბრობდა.
ნებისმიერ რეგიონში პრეზიდენტის სტუმრობა, ცხადია, შეიძლება დღის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდეს, მაგრამ რატომ აქციეს "რიონის" საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელებმა ახალი ამბები მთლიანად პრეზიდენტის ექსკლუზივად? გამოშვების დარჩენილი ორი წუთი კი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას დაუთმეს, რომლითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ურეკში დასვენება დაფინანსდა.
ტელეკომპანია "რიონს", უკვე 5 წელია, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ადგილობრივ თვითმმართველობასთან "საინფორმაციო უზრუნველყოფის შესახებ" და ხელისუფლებისგან მცირე, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაიცემა საკრებულოს სხდომების ჩანაწერები და საკრებულოს ოფიციალური განცხადებები. ამ მომსახურებაში "რიონს" თვითმმართველობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის თანხას უხდიდა: 2006 წელს 17 ათასი ლარი, 2007 წელს _ 45 400, 2008 წელს _ 22 552, 2009 წელს _ 29 172, 2010-ში კი _ 26 ათასი ლარი.
უცნობია, 19 ივლისის მასალაში ჟურნალისტის ცალმხრივობის მიზეზი რა უფრო იყო: ის, რომ ეს სიუჟეტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფინანსა, თუ ის, რომ ფინანსური დამოკიდებულება ხელისუფლებაზე, მისადმი ტელევიზიის ლოიალურობას ისედაც განაპირობებს.
"რიონი" გამონაკლისი არაა. 40-მდე ტელევიზიიდან ხელშეკრულება ხელისუფლებასთან 16 ტელეკომპანიას აქვს გაფორმებული, ორი თავად მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, "აჭარის ტელევიზია" სახელმწიფო სტრუქტურად ითვლება. იგივე პრაქტიკას მიმართავს ბეჭდური პრესა და რადიოებიც. ხელშეკრულებები ერთმანეთის მსგავსია. მათ შორის განსხვავება მხოლოდ შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და თანხებშია.
"მე ვარ კერძო კომპანია, და ჩემი დრო ფული ღირს. არ ვარ ვალდებული, გადავცე საკრებულოს სხდომები, ამიტომ მაძლევენ ფულს და მე ვყიდი საეთერო დროს", _ ამბობს "რიონის" დირექტორი თამარ ღვინიანიძე.
მართალია, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებიც და საკრებულოს წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ნაყიდ ტელეეთერს მხოლოდ საკრებულოს სხდომების ჩანაწერებისა და განცხადებების გასაშვებად იყენებენ, მაგრამ ქუთაისის საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი მაია სვინტრაძე ამბობს: "რასაც მინდა, იმას დავუკვეთავ ჩემ მიერ შეძენილ დროში". ბოლო რამდენიმე თვის სატელევიზიო მომსახურების ამონაწერიდან ჩანს, რომ, ამ თანხის ფარგლებში, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები დაბადების დღეებსაც ულოცავენ თანამშრომლებს.
მსგავსი ხელშეკრულებები ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის იმასაც, თუ როგორ ინარჩუნებს ტელევიზია დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას მაშინ, როცა ინფორმაციის გადაცემაში დაინტერესებული პირისგან ფულს იღებს?
ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ის, რომ მუნიციპალიტეტი ყიდულობს საინფორმაციო მომსახურებას, მაგრამ არ არის განსაზღვრული, შეუძლია თუ არა მუნიციპალიტეტს, არხის ხელმძღვანელობას სიუჟეტის განთავსება საინფორმაციო გამოშვებაში მოსთხოვოს, და აქვს თუ არა უფლება, ჩაერიოს მის მომზადებაში.
"ეს აბსურდია. ეს ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნებს. ხოლო თუ ტელევიზია საინფორმაციო გამოშვებებში ჰყიდის საეთერო დროს, ამით პირდაპირ არღვევს მაუწყებლობის შესახებ კანონსაც, რადგან საინფორმაციო გადაცემების სპონსორობა აკრძალულია", _ აცხადებს იურისტი თამარ კორძაია. ამავე კანონის მიხედვით კი, იკრძალება ისიც, რომ ტელევიზიას სოციალური და პოლიტიკური ხასიათის სიუჟეტებზე სპონსორები ჰყავდეს.
ტელეკომპანია "რიონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასეთი სიუჟეტის ფასიც კი წერია _ "სიუჟეტი საინფორმაციო პროგრამებში 1 წთ _ 100 ლარი". "რიონის" საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ელზა ჩუბინიძე ამბობს, რომ ფასიან სიუჟეტებს ეთერში მოხვედრისას ყოველთვის არ აქვს მითითებული, რომ ისინი დაფინანსებულია. "ყველამ იცის, რომ დაკვეთილი მასალა არის და რად უნდა მიწერა? გადის მეორე ბლოკში, საინფორმაციო პროგრამის ბოლო ნაწილში", _ ამბობს ის.
ტელეკომპანია "რიონში" ამბობენ, რომ მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას ეს ხელშეკრულებები საფრთხეს არ უქმნის.
"ჩვენი საინფორმაციო პოლიტიკა აბსოლუტურად თავისუფალია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა (დაახლოებით 2 ათასი ლარი თვეში) ტელეკომპანიის ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, მყავს 68 თანამშრომელი, ყოველთვიურად კი გასავალი 15-20 ათას ლარამდე გროვდება", _ აცხადებს თამარ ღვინიანიძე.
ტელეკომპანია "რიონი", რომელიც 1986 წელს დაარსდა, იმერეთის რეგიონში ვრცელდება. ღვინიანიძე იხსენებს, რომ 1993 წელს ტელეკომპანია მაშინდელი მერის, თემურ შაშიაშვილის "კეთილი ნებით" კინოთეატრ "საქართველოს" შენობაში განთავსდა. თამარ ღვინიანიძის თქმით, ქალაქის მერმა მაშინ არხის ხელმძღვანელებს, საეთერო დროის გამოყენების სანაცვლოდ, შენობის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება შესთავაზა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მერის განკარგულება საიჯარო თანხის გაქვითვასთან დაკავშირებით უკანონო იყო და ტელეკომპანიას ჯარიმა დაეკისრა. მაშინდელი მერის ინიციატივით, მზადდებოდა გადაცემა "გისმენთ ქალაქის მერი", რომელშიც კომპანიას ხელისუფლება ფულს არ უხდიდა. 2006 წელს ადგილობრივ ხელისუფლებას თანამშრომლობა თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა შესთავაზა.
"პრობლემა მაშინ იყო თუ იყო! შაშიაშვილის დროს [ტელევიზიით] ვლაპარაკობდით, ვლაპარაკობდით და ფულს არ ვიხდიდით, და ახლა ოფიციალურად არის ეს ყველაფერი"... _ ამბობს ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი, ვანო ჟორჟოლიანი.
თამარ ღვინიანიძე ამბობს, რომ საეთერო დროს მიჰყიდის ყველას, ვინც ფულს გადაიხდის. "ნოღაიდელმა გადაიხადა თანხა და იჯდა ერთი საათი ეთერში, მასწავლებელთა პროფკავშირებიც იყო ჩამოსული, ნინო ბურჯანაძემ 1000 ლარი გადაიხადა, რომ უნდოდა ლაპარაკი, მითხრა, _ მინდა და გადავიხდიო, _ და რატომ უნდა მეთქვა უარი?" _ ამბობს თამარ ღვინიანიძე და ამატებს, რომ ამ გადაცემას თან სდევდა ტიტრი, რომ ის დაფინანსებული იყო.
ქუთაისზე უფრო ადრე ადგილობრივ ხელისუფლებასა და ტელეკომპანიას შორის ხელშეკრულება გურჯაანში გაფორმდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, 2004 წელს "მასმედიის მომსახურებაზე" მუნიციპალიტეტმა 24.2 ათასი ლარი დახარჯა. პარალელურად, რეგიონულ ტელევიზიებთან ხელშეკრულებები გურიაში, ახალციხეში და იმერეთშიც გაფორმდა.
მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ტელეკომპანია გურიისგან "საკრებულოს მიერ მიწოდებული მასალების ეთერში განთავსებას" ყიდულობს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი კი _ ამავე ტელეკომპანიისგან "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა სარეკლამო მომსახურებას". ახალციხის მუნიციპალიტეტი შპს ტელერადიოკომპანია "იმპერიისგან" ყიდულობს ფასიანი სიუჟეტების გაშუქების უზრუნველყოფას". ტელეკომპანია "გურჯაანს" კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულება "მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებას" ავალდებულებს, რისთვისაც 2010 წელს ტელეკომპანია 31 900 ლარს მიიღებს.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიღებული ეს თანხები რეგიონული ტელევიზიების ბიუჯეტის მცირედი ნაწილია. თუმცა, თამარ კორძაიას მათ მიერ ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმება მაინც დაუშვებლად მიაჩნია: "ტელევიზია ისედაც ვალდებულია, გააშუქოს მიმდინარე მოვლენები და ვერ წარმომიდგენია, მით უმეტეს რეგიონებში, რა შეიძლება გააშუქონ სხვა, თუ არა ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობა. ამაში რომ ფულს იღებს ტელევიზია, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და მის დამოუკიდებლობას ეს ხელშეკრულებები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს".
ტელეკომპანია "გურჯაანის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ტელეკომპანია ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას "დიალოგი", რომელშიც ჟურნალისტი იწვევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. გადაცემაში განსახილველი საკითხები წინასწარ თანხმდება მუნიციპალიტეტთან. "გადაცემას აქვს "ღ" ნიშანი, რაც ნიშნავს, რომ ის სარეკლამოა. ჩვენ შევძელით, რომ ეს თანხა მოშორებოდა საინფორმაციო გამოშვებებს და განგვემიჯნა საინფორმაციო და სარეკლამო სიუჟეტები ერთმანეთისგან. ჩვენ ამაზეც უარს ვიტყვით, თუ დავინახავთ, რომ შემოსავალი იქნება სტაბილური", _ ამბობს ლევან ალექსიშვილი.
ლევან ალექსიშვილის ტელევიზიასაც დამოუკიდებლად არსებობის ზუსტად ისეთივე გამოცდილება აქვს, როგორც ქუთაისის "რიონსა" და დანარჩენ 14 ტელეკომპანიას. მათ დამოუკიდებლობას, მათივე თანხმობით, ყოველთვის ზღუდავდა ხელისუფლების ზეწოლა, რასაც დღეს უკვე "მოწესრიგებული" და "კანონიერი" ფორმა აქვს. ამას ზოგიერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი დღემდე ვერ აცნობიერებს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასთან კონტრაქტით საკუთარ მაყურებელს არ ატყუებს. ზოგი აცნობიერებს და, ლევან ალექსიშვილის მსგავსად, გრანტების მოპოვებით ცდილობს სახელისუფლებო გავლენისგან თავის დახსნას, ზოგისთვის კი _ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებები უბრალოდ ბაზარზე დარჩენის წინაპირობაა.
ჟურნალი "ლიბერალი"

Комментариев нет: