10/20/2010

"იმედის" საღამოები გიორგი არველაძესთან ერთად

ნინია კაკაბაძე

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი კინორეჟისორის - დიმიტრი მამულიას მხატვრულმა ფილმმა მიიღო მთავარი ჯილდო. "სხვა ცა" - ასე ჰქვია ფილმს. ბუნებრივია, ახლა ფილმის შეფასებას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ დეტალზე მიგითითებთ. მამულიას ფილმში ხშირად ჩანს ოთახის ინტერიერი, სადაც მამა-შვილი ცხოვრობს. ბინაში მუდმივად ტელევიზორია ჩართული და ის მუდმივად სხვადასხვა რუსული არხის საინფორმაციო გამოშვებას აჩვენებს. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ფილმში ტელევიზორის ხმა, ე.წ. "შუმი" სუბტიტრებული ან გახმოვანებული იყოს.
ვფიქრობ, დიმა მამულიას ფილმში ტელევიზორის "ხმაური" სპეციალურად არის თარგმნილ-სუბტიტრებული. და რა ისმის ამ ტელევიზორიდან? მუდმივად ერთი და იგივე. რუსული ტელეარხები რუსეთის მოსახლეობას გამუდმებით უამბობენ იმ არეულობის, გასაჭირის, პრობლემების, დაავადებების შესახებ, რომელიც დასავლურ ქვეყნებში მძვინვარებს.
"მასობრივი გამოსვლები იტალიაში სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ" და მიტინგის კადრები. მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში საპენსიო ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით, პროტესტს საფრანგეთის პენსიონერები გამოთქვამენ. არჩევნები და თანმდევი არეულობა ლატვიაში, (ან ლიტვაში, ზუსტად აღარ მახსოვს), ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბრაზილიაში და ა.შ. ეს ჩამონათვალი უკვე ქართული ტელევიზიის, "იმედის" "ქრონიკაში" გასული სიუჟეტების ქრონოლოგიას აღწერს. 3 ოქტომბრის "ქრონიკის" ყურებისას გამახსენდა დიმა მამულიას ფილმი "სხვა ცა", სადაც რეჟისორის მიერ, ვფიქრობ, სპეციალურად არის პედალირებული და გამოაშკარავებული რუსულ ტელევიზიაში ასახული "დასავლური კრიზისი." ალბათ, "იმედის" მესვეურების მიზანიც ეს არის, გვითხრან - რომ მხოლოდ ჩვენ არ ვართ "ცუდ დღეში."
თუმცა "იმედს" ერთი თვითმყოფადი ნიშანიც აქვს, რომელიც, ვფიქრობ, მას ყველა სხვა ქართული, რუსული და მით უმეტეს, დასავლური ტელევიზიებისგან გამოარჩევს.
გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და გადაავლეთ თვალი გასული კვირის "ქრონიკის" ქრონიკას
1 ოქტომბერს 8 საათის გამოშვებაში მეორე სიუჟეტი სასტიკი მკვლელობის შესახებ გადის. 15 წლის გოგონამ, მისი 20 წლის ქმარი გულში დანის ჩარტყმით მოკლა. ბუნებრივია, გვაჩვენებენ ახლად გარდაცვლილს (ოპერატიულად მიუსწრო გადამღებმა ჯგუფმა) და წარმოგვიდგენენ ინტერვიუს დამნაშავესთან, რომელმაც დანაშაული აღიარა. 15 წლის გოგონას ნერვული შოკი აქვს და სულმოუთქმელად ყვება, როგორ სცემდა ქმარი და როგორ გამოასალმა ის სიცოცხლეს. საინფორმაციო სიუჟეტს მოჰყვება ე.წ. ანალიტიკური სიუჟეტი, სადაც "პროფესიონალები", ფსიქოლოგები საუბრობენ ახალგაზრდებში ოჯახური ძალადობის მიზეზებსა და შედეგებზე. საერთო პათოსი ამგვარია - ოჯახები სექსისთვის იქმნება და სექსისთვის შექმნილი ოჯახი ძალადობის მაპროვოცირებელია.
ამ სიუჟეტს მთელი კვირის განმავლობაში მოჰყვება ასოციაციური სიუჟეტები, ყოველთვის პირველ ბლოკში და ყოველთვის პირველ ან მეორე ადგილზე. მით უმეტეს, რომ საგნობრივი მასალაც არსებობს - დააკავეს არალეგალური აბორტმახერი, რომელიც ორსულ ქალბატონებს დიდი ნაყოფის მოცილებაში ეხმარებოდა. ამ საინფორმაციო სიუჟეტს, რომელიც პირველ ნომრად მოხვდა დღის ნიუსებში, ისევ ანალიტიკური რეპორტაჟი მოჰყვა, სადაც ვიზუალურად, გრაფიკულად წარმოგვიდგინეს აბორტის პროცესი - დააცლით ცოცხალ ბავშვს ხელებს მუცლად ყოფნის ჟამს, შემდეგ წააცლით თავს, შემდეგ ფეხებს და მოკლავთ მას! ასეთი სიმწვავის იყო აბორტისადმი მიძღვნილი სიუჟეტი, რომელიც პირდაპირი ძალადობა, ტერორია არა მხოლოდ ორსულ ქალბატონებზე, ან უბრალოდ ქალებზე, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობაზე. ამას ხომ საფრანგეთის საპენსიო ფონდის ბიუჯეტში გარღვევა სჯობს.
ამ ორი საინფორმაციო სიუჟეტით შთაგონებულმა "იმედმა" (აბორტმახერი და ცოლის მიერ მოკლული ქმარი), მთელი კვირის განმავლობაში ასეთი ტოპ-ნიუსები ატრიალა: 1. საქალწულე აპკი - როგორ გავიკეროთ ის? ვინ იკერავს მას და რატომ? გამოკითხვა სტუდენტებში. 2. დამოუკიდებელ სიუჟეტად "სექსი ქორწინებამდე". 3. რა არის კონტრაცეპტივი და რა სარგებლობა მოაქვს მას. 4. ჩვილთა სიკვდილიანობა საქართველოში. მიზეზები - "ქალი ორსულობის ჟამს არ უნდა ეწეოდეს პაპიროსს", - გვეუბნება ექიმი; "მამაკაცი აქტის დროს არ უნდა იყოს ნასვამი",- გვახსენებს ჟურნალისტი, სასურველია პარტნიორებს არ ჰქონდეთ სოკო, ტრიქომონი თუ სხვა ვენერიული დაავადებები.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ დაიზაროთ და გადახედეთ გასული კვირის "ქრონიკას".
ახლა ვწერდი ჩამონათვალს და მეცინება, რომ ეს ყველაფერი წამყვანი არხის საინფორმაციო გამოშვების ტოპ-ნიუსებია, გავრცობილი ე.წ. ანალიტიკური დანამატებით. ნეტავ, რა ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ ეს ახალი ტალღა თუ მიმდინარეობა "იმედზე"?! მედიცინა? კრიმინალი? რელიგია? მენტალიტეტი? ტრადიცია? მართლმადიდებლობა? თავისუფლება? ვფიქრობ, ნებისმიერს, გარდა "ნიუსისა", გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, სადაც საქალწულე აპკს 5-6 წუთიან სიუჟეტს უძღვნიან და ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს მხოლოდ რამდენიმე წამს.
რასთან გვაქვს საქმე? ტელეარხი "იმედი" ქართულ ტელესივრცეში ეგზოტიკურობით გამოირჩევა. ეს არხი გიორგი არველაძეს მივაბარეთ. არველაძემ საკუთარი ეგზოტიკური იდეების განხორციელების შირმად არხზე "რადიო თავისუფლების" პროფესიონალი ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი მიიყვანა მოადგილედ. სამწუხაროდ, წამალაშვილი ისე გამოეთხოვა არხს, რომ მისი სახელი დღეს მხოლოდ "მოდელირებულ ქრონიკასთან" ასოცირდება და სატელეფონო საუბართან სახელად "გიო". "გიო" გიორგი არველაძეა, საქალწულე აპკის მრისხანება! აპკის მოწინააღმდეგეს ქართული ტელემედიის საშუალებით ქართული საზოგადოების განათლება და განვითარება სურს. მისი და კობა დავარაშვილის მიზანი "რუსთავი 2"-ზე "შევქმნათ ახალი ადამიანი" ჯერ ისევ შექმნის, შენების პროცესშია, მაგრამ ამჟამად "იმედის" მეშვეობით.

არხის საინფორმაციო სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს ძველი კადრი ნანა ინწკირველი და ხელმძღვანელობს კიდევ უფრო ძველი მათე კირვალიძე, რომელიც ვარდების რევოლუციის წინ თავისი ჟურნალისტის ბილეთის დახევით გვემუქრებოდა. გიორგი არველაძის და გიორგი თარგამაძის რჩეულმა (ის თარგამაძის დროსაც "იმედის" საინფორმაციოს შეფი იყო) საბედნიეროდ, ეს ბილეთი დღემდე არ დახია. მაგრამ ასეთ ადგილებზე ეს კარგი შემსრულებელნი, იქნება ეს კირვალიძე, ინწკირველი თუ ალეკო ფარულავა, საშიშნი არ არიან, საშიში ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოსული ნოვატორია.

გიორგი არველაძის სატელევიზიო კარიერის შეფასება (მის პოლიტიკურ მიღწევებს ნუ დავთვლით) ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. მას აქვს ამბიცია და ღიად აცხადებს, რომ სურს ქართული სტერეოტიპების დანგრევა, ეთერში გამოჰყავს პროფესორი ჰომოსექსუალი, საქართველოს პატრიარქის დაუძინებელი "მტერი" თეა თუთბერიძე და ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი დოდო გუგეშაშვილი. თუთბერიძეს "იმედის" მართლმადიდებელი კოლექტივი "ქვას ესვრის", გუგეშაშვილს კი კვერს უკრავს. ამიტომ, ნოვატორულ ტელეტალღაზე გმირი ისევ მებრძოლი ქალი გამოდის, რომელსაც ომი ენატრება და დღესაც საბრძოლო განწყობაზეა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, სადაც ნოვატორობის ამბიციის მქონე დირექტორი ორი პარტიის მსახურად გვესახება - საპატრიარქო და ნაციონალური მოძრაობა. სიუჟეტი აბორტზე ერთს ეძღვნება, კრიზისი საფრანგეთში მეორეს. საქალწულე აპკისადმი მიძღვნილი სიუჟეტი და მოდელირებული ქრონიკა კი ერთი პათოლოგიური, სექსუალური თუ კარიერისტული ვნებებით შეპყრობილი ადამიანის ალუზიებია, რომლის მსხვერპლი ისევ და ისევ ერთი, საქართველოს მოსახლეობაა.

Комментариев нет: