11/12/2015

ბათუმის ბულვარის განადგურების გეგმა მთავრობისგან

ბათუმის ბულვარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პრექტები იგეგმება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისედაც მწირი გამწვანების მქონე ქალაქში მეტი ახალი შენობა, მაგრამ ნაკლები სიმწვანე იქნება.
ბარბარეს ეკლესიის უკანა ტერიტორიაზე, სადაც ახლა სკვერია და ბულვარის ერთგვარ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ქალაქშია შემოჭრილი გაუქმდება და ამ ადგილას ფრანგული სახლები აშენდება. საუბარია რუსთაველიდან ნინოშვილამდე,
თავდადებულიდან (ძველი შაუმიანი) ვაჟა ფშაველამდე არსებულ მონაკვეთზე.
ამ მონაკვეთში იგეგმება ფრანგული უბნის გაკეთება, მაგრამ საოცარი ისაა, რომ გასულ წელს ამ სკვერს ლონდონის სკვერი უწოდეს და დადგეს ლონდონისათვის დამახასიათებელი სატელეფონო ჯიხური. ეს ჯიხური დღემდე უფუნქციოა. როგორც ჩანს, წვიმიან ბათუმში ლონდონის სკვერის იდეა დაიწუნეს და ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქისათვის დამახასიათებელი შენობების გადმოკოპირება სურთ.
პარადოქსი 1 - სკვერს მიანიჭეს ლონდონის სახელი და აშენებენ ფრანგულ უბანს
ლონდონის სკვერში ფრანგული უბნის გაშენება არის იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი დეტალი, რასაც თამამად შეიძლება დავარქვათ „ფულს შეწირული ქალაქი და ქალაქელები“.

ცდუნება ბათუმის ისტორიულ ბულვარში კიტჩების აშენებისა, ვერც ამ ხელისუფლებამ დაძლია. ადამიანები, რომლების ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ბათუმის ბულვარში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებისას და გულზე მჯიღს ირტყამდნენ ამ ქალაქს არავის გავანადგურებინებთო, დღეს კომფორტული კაბინეტებიდან და ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ჯიპებიდან გადმოგვყურებენ და ღიმილიანი სახით და სიამაყით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ბულვარს ისტორიულ სახეს დააკარგვინებს.
ბათუმის ცენტრალური ბულვარი, რომელსაც ასევე ძველ ბულვარს ვუწოდებთ 3 ზოლიანი სასეირნო ბილიკი ამშვენებს. (პლუს მეოთხე ნინოშვილის ქუჩის მხრიდან და მეხუთე პლაჟსა და ბულვარს შორის ბილიკი). პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის სამ წოლიანი სასეირნო ბილიკიდან შუა ზოლში ჩაიდგემა რესტორნები და კაფე-ბარები. ხეების ნაწილი მოიჭრება, ნაწილი გადაირგვება.
წარმოიდგინეთ შუშის ან თუნდაც ხის კაფე-ბარები, რომელიც რა თქმა უნდა იქნება კიტჩი და დიზაინის მიუხედავად ბულვარისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო. გარეთ ყველა მათგანი ზაფხულის განმავლობაში მაგიდებს დადგამს და ბულვარი იქცევა ჩვეულებრივ ბაზრად. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში სასირნო ბილიკებს მთიანად ან ნაწილობრივ დაიკავებს კაფე-ბარები და იქ მსხდომი ადამიანები. სასეირნო ბილიკი კი აღარ დარჩება. 
და ვინ ანხორციელებს ამ პროექტს?
იგივე კომპანია, რომელიც „დრიმლენს ოაზისს“  აშენებს ჩაქვში. „აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი - „დრიმლენდ ოაზისი", რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში." - ასე აფასებს საკუთარ თავს  კომპანია.
კომპანიის 91% 2015 წლის 27 მარტის ცვლილების მიხედვით არის  ავსტრიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალბერეტა. 8 % კი ზეთი „ქარვას“ მეწილე ნათია ბუკიას აქვს. 

მე, როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს, მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება დამღუპველია ქალაქისათვის. არ აქვს მნიშნელობა რამდენ მილიონიანი ინვესტიცია იქნება. ბულვარში მშენებლობა უნდა აიკრძალოს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბათუმის ბულვარი!


პ.ს. აქვე გთავაზობთ დღეს, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რიგით მოქალაქეებთან ერად თხოვდა არ გაერჩეხა ბათუმის ბულვარი. ვნახოთ ახლა როგორ კომენტარებს გააკეთებენ ამ პროექტზე. 
P.s.s. კოლეგებს შეუძლიათ ინფორმაცია გადაამოწმონ დრიმლენდ ოაზისში ან  მთავრობაში. ჩემი ინფორმაციით პროექტი უკვე მოწონებულია მთავრობისმიერ და შესაბამისი ხელშეკრულებაც ხელმოწერილია. 




Комментариев нет: