9/26/2011

არის თუ არა ლამაზი ქალი სულელი? და რამდენს უხდიან ბათუმელ მოდელებს ერთ ჩვენებაში


ბათუმში 90-60-90 სტანდარტი ამ სფეროში არ არსებობს, მთავარია იყო გამხდარი და მაღალი. მოდელების საქმიანობა არც შემოსავლიანი არაა. ჩვენებაში მათ 10-20 ლარს უხდიან, ამიტომაც ქალაქის ლამაზმანებს უმაღლესი განათლების მიღება სურთ, რადგან არ უნდათ „ლამაზი ქალი სულელია“-ს სტატუსის ჩვეში გაერთიანდნენ.
ბათუმში „ნატალის“ გახსნამდე სამოდელო სააგენტო არ არსებობდა. რამდენიმე წლის წინ კი ნატალი გაიხსნა და ადგილობრივ დინეზე მოდელების შერჩევა-აყვანა დაიწყო. ამ სფეროში არსებული მსოფლიო სტანდარტები 90-60-90 მოდელების შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად არ განისაზღვრებოდა. როგორც თავად მოდელები ამბობენ, მთავარია მაღალი და გამხდარი იყო. სხვა დანარჩენს კი ყურადღება არ ექცევა. ისინი ჩვენებებში მონაწილეობენ და ადგილობრივი თუ დედაქალაქური დიზაინის სამყაროს მამებისა და დედების სიახლეებს დამსწრე აუდიტორიას სთავაზობენ. ჩვენებაზე მისული ადამიანები ხშირად ამ სფერიში ვერ ერკვევიან, მაგრამ სიახლის თუ ლამაზი გოგონების ხილვის სურვილით მოწვეულ სტუმართა რიგში ჯდებიან. მათ შორის მრავავლადაა თინეიჯერები და პოლიტიკოსები.
16 წლის ინგა კობალაძე ერთი წელია რაც პოდიუმზე გამოდის. სამოდელო საქმიანობაში ჩართვა დედის მეგობარმა შესთავაზა. ახალგაზრდულმა ცნობიერებამ შეიტყუა და სცენაზე სხვა გოგონებთან ერთად აღმოჩნდა. ამბობს, რომ მოდელობას თავი დაანება, რადგან ეს საქმე არაა შემოსავლიანი და დროებითი გატაცების დროც ერთი წლის შემდეგ დასრულდა. „დედაჩემის მეგობარმა მირჩია, რომ სამოდელო საქმიანობაშ მეცადა ბედი. ერთი წელი სხვადასხვა ჩვენებებში ვმონაწილეობდი, მაგრამ ეხლა უკვე მე-11 კლასში გადავედი და მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული სწავლაზე. მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და უმაღლესი განათლება მივიღო. მარკეტინგ-მენეჯმენტის განხრით მინდა სწავლა და მუშაობა. მოდელობა მხოლოდ დროებითი და ბავშვური გატაცება იყო“.

 ინგას სამოდელო საქმიანობაში ჩართვის წინააღმდეგი მამა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის 3 წევრი ხელოვანია (მამა, დედა და და მსახიობები არიან) წინააღმდეგობა მაინც შეხვდა. ოჯახის წევრები ურჩევდნენ უმაღლესი განათლება მიეღო და მეტი ესწავლა, რადგან სამოდელო საქმე ნაკლებად შემოსავლიანი იყო. ინგა ამბობს, რომ ადგილობრივი დიზაინერები ჩვენებაშ მონაწილეობისათვის მოდელ გოგონებს 10, მაქსიმუმ 20 ლარს უხდიან. თუკი თბილისელი დიზაინერი მართავს ბათუმში ჩვენებას და ადგილობრივი მოდელები დაჭირდებათ, მაშინ ანაზღაურება შედარებით მაღალია (40-50 ლარი).
ინგასგან განსხვავებით სამოდელო საქმიანობაში დარჩენას აპირებს 14 წლის ქეთი სტამბოლიშვილი. იგი ჯერ მხოლოდ მე-10 კლასშია და ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ბევრი დრო აქვს. მას ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ სფეროში მიიღებს უმაღლეს განათლებას, მაგრამ უფრო იურიდიული სფერო აინტერესებს. მას მშობლებისაგან პრობლემა არ ქონია. ოჯახი თანახმაა იგი სამომავლოდაც პოდიუმზე იხილოს. ქეთი ამბობს, რომ ჩვენებებზე ხშირად არაკომპეტენტურ ადამიანებს ხედავს, რომლებიც დროის გაყვანის მიზნით არიან მისულები. „ხშირად ჩვენებებზე ისეთი ადამიანები დადიან, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ. სამოდელო საქმე ჩვენს ქალაქში შემოსავლიანი არაა, თუმცა მნიშვნელოვნად მოქმედებს გემოვნების დახვეწაზე. არც ბევრი დიზაინერი არ გვაყავს, რომლებიც მოდის ტენდენციებს შესთავაზებენ თანაქალაქელებს. გოგა ნიქაბაძე და ორი თუ სამი დიზაინერია მხოლოდ. ამიტომაცაა, რომ ჩვენებები ხშირად ვერ იმართება.“ ქეთი ამბობს, რომ ამ სფეროში ყველაზე ხშირია ლამაზ გოგონებს შორის ჩხუბი. შესაძლოა ეს პოდიუმზე არ მოხდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად რაღაც ფორმით ხდება შურისძიება.
გოგონები ერთხმად თანხმდებიან იმ გამონათქვამზე რომ „ლამაზი ქალი სულელია“, თუმცა დასძენენ, რომ ხანდახან არის გამონაკლისები. „ძალიან ბევრი მინახავს, ძალიან ლამაზი მაგრამ სულები. იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი ერთდროულად. ამიტომაც არ მინდა მოდელი ვიყო და სულელი“ - ამბობს სიცილით ინგა კობალაძე.
ბათუმში საერთო ჯამში 30-მდე მოდელი გოგონა არის. მათი ასაკი 5-დან 25 წლამდეა და ჩვენებების სიმცირის გამო, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს მხოლოდ ყავის დასალევად ხდებიან. 

Комментариев нет: