4/27/2011

„ჭირმა გაგწყვიტოთ ყველა“

შაბათს უქმე დღის გასატარებლად მეგობრები ერთად შევიკრიბეთ. ის ისაა შევიკრიბეთ, როცა ტელეფონმა დარეკა. ვიღაც ქალბატონი საშველად გვიხმობდა. „ალო მაესტროა? სასწრაფოდ სარფში გამოდით. ტვირთი ჩამოგვართვეს და აქცია გვაქვს“ - მომაძახა ტელეფონში და გამითიშა. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე მქონდა და თანაც საღამოს 8 საათი იყო, მაინც წავედი სარფში.
ადგილზე მისულს 15მდე სახეალეწილი და თმაგაწეწილი ქალბატონი დამხვდა. „ერთი ცალი თეთრეული გადმომქონდა და ჩამომართვეს. ეს რა უბედურებაა.
რატომ უნდა ჩამომართვან, გასაყიდად მიმქონდა თუ?“ - მოთქვამდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური. ყველა ერთმანეთს ეცილებოდა თუ ვინ დაასწრებდა თავისი გასაჭირის მოყოლას. ყველამ რიგრიგობით მოყვა როგორ გადავიდა, ივაჭრა და როგორ გადმკვეთა საზღვარი და ისიც კი ვინ ვის შემდგომ იდგა რიგში. იქვე კრიმინალური სამსახურისა და პატრულის თანამშრომლებიც იყვნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ 3 პატრულისა და 2 კრიმინალურის მანქანა მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრა.

საბაჟოს ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ვეცადე, თუმცა  დაცვამ საშუალება არ მომცა მათ დავკავშირებოდი. ქალბატონები, რომელთაც ტვირთი ჩამოართვეს და წყევლა-კრულვით იკლებდნენ იქაურობას. „ჭირმა გაგწყვიტოთ ყველა“, „შენ არ მიუხვედი დედაშენს ცოცხალი“, „ჩაგაცვით კუბოში ის თეთრეული მე რომ ამართვით“... აი მაშინ მართლა შემეცოდა დაცვის თანამშრომლები. ისინი სარფის საბაჟოსთან და განბაჟებასთან არაფერ შუაში იყვნენ. ისინი მხოლოდ დაცვის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომელთა დაცვის ობიექტი საბაჟოს ტერიტორია იყო.
მალე ადგილზე სახალხო კრებისა და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები მოვიდნენ. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ერთმანთს მსგავსი ისტორიების მოსმენის შემდეგ ისიც ეცადა ცვლის უფროსთან შეხვედრას. „გადაეცით უმაღლესი საბჭოს დეპუტატი არის მოსული და სიტუაციაში გარკვევა უნდაო“. სტატუსის მიუხედავად ნახევარ საათიანი ლოდინი მოუხდა. ცვლის უფროსი მაინც არ გამოვიდა. ამიტომ თავად გადაწყვიტა მისვლა. საუბარი შენობის მეორე მხარეს შედგა, სადაც მისვლის უფლება მე არ მომცეს. 40 წუთი მოქალაქეებთან ერთად ველოდებოდი რა იქნებოდა შედეგი.
ამ დროის განმავლობაში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩავეძიე დეტალებში. ერთ-ერთი ქალბატონი გამოტყდა, რომ მან ტვირთი „კარგო“-ში ჩააბარა და დედაქალაქში ერთ კვირაში ჩაუტანენ. „ერთი ხელი თეთრეული წამოვიღე და ის ჩამომართვეს. კიდევ კარგი სხვა არაფერი წამოვიღე. ისეთი არაფერია, მაგრამ 140 ლარი მაქვს მიცემული და მენანება“ - ამბობდა გულდაწყვეტით. როგორც აღმოჩნდა ამ ქალბატონის მსგავსად რამდენიმეს ტვირთი საზღვის გადაღმა ქონდა დატოვებული და მხოლოდ მცირე ბარგით მოდიოდნენ.
საჩხერელი ქალბატონი მხოლოდ მაშინ მომიახლოვდა, როცა ოპერატორი ახლო-მახლო არ იყო. „არ მინდა კამერაში გამოჩენა. ექიმი ვარ. 200 ლარს ვიღებ და არ მინდა ისიც დავკარგო. 3 თვე დანაზოგი ვაკეთე და წამოვედი. შვილიშვილებს ვუყიდე რაღაცეები და ყველაფერი ჩამომართვეს. განცხადება დამაწერინეს. მითხრეს ან 1000 ლარიან ჯარიმას დაგაკისრებთ ან დაწერე რომ ტვირთს ტოვებო. მიუსაფარ ბავშთა სახლს გადავცემთ მერეო. უპატრონოდ ჩემი შვილიშვილები დამრჩა და სხვის შვილებს როგორ დავეხმარო?“. შემდეგ ჯიბიდან რვეულის ფურცელი ამოიღო, რომელზეც 3 ფეხის ზომა იყო კალამით დახატული. „ეს ჩემი შვილიშვილების ფეხის ზომებია. ტუფლები ვუყიდე, შარვლები და კოფტები. 18 კილო იყო სულ. 300 ლარით ვიყავი წამოსული. რამდენი თვე ვაგროვე. ბავშვები როგორ მელოდებიან. რა ვუთხრა ეხლა? ბებია ვარ ამის შემდეგ?“ - ამბობდა და თან ცდილობდა არ ეტირა.
სხვა მოქალაქეებმაც დაადასტურეს, რომ მათ განცხადება ჯარიმის მუქარით დააწერინეს და განცხადებები მანახეს.
დახმარების ბოლო იმედს, დეპუტატს გავიხედე. საბაჟოს თანამშრომელთა გარემოცვაში იყო. ხან ერთი შლიდა ხელს, ხან დანარჩენები. რაღაცაზე ცხარედ დაობდნენ. შემდეგ უკან უკმაყოფილო გამოვიდა. ვერ გაერკვია ზუსტად რატომ იყო კოდექსში ჩაწერილი და რეალობაში არსებული მდგომარეობა ასეთი განსხვავებული. საბაჟომ მოქალაქეებს დეპუტატის საშუალებით ერთადერთი გამოსავალი შესთავაზა, სასამართლო.
უკვე რაღამის 12 იყო როცა სარფიდან სახლისაკენ წამოვედი. გზაშიც და მას შემდეგ მუდამ არ მასვენებს კითხვები რამდენი კილოგრამის გადმოტანა შეიძლება საზღვარზე?  რამდენი ლარს არ უნდა გადასცდეს?  ხელით არ შეიძლება ტვირთის გადმოტანა თუ ავტომანქანით? ერთი ცვლა როცა თავისუფლად ატარებს ტვირთს მეორე რატომ ქმნის პრობლემებს? ამ კონკრეტულ სუტუაციაში ვინ იყო დამნაშავე? რა წერია კოდექსში და როგორ ხდება რეალობაში?

http://www.youtube.com/watch?v=SocsdS4k3Us&feature=player_embedded

Комментариев нет: