10/22/2010

პრეზიდენტი - ქართველი ჟურნალისტები "აგრესიულები და საძაგლები" არიან!!!

ამ გაგანია მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ფეხბურთის მაგივრად პოლიტიკით რომ დაიწყებ კაცი მკითხველთან საუბარს, ეს არის საქმე?! არადა, რა გინდა, რომ ქნა: ფეხბურთი ფეხბურთად არ ვარგა (ოღონდ ჯერ ბრაზილია და ესპანეთი არ მინახავს, ახლა სამშაბათი საღამოა) და პოლიტიკას რაც შეეხება - კი დაგპირდით, ჩემპიონატის დამთავრებამდე მხოლოდ ფეხბურთსა და "კაი-კაი რამეებზე" ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ პირადად როცა შეგეხებიან, თანაც, ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, მტკივნეული და ძნელი მოსათმენია... რას ვგულისხმობ და, მიშა როა, პრეზიდენტი, - ქართველი ჟურნალისტები "აგრესიულები და საძაგლები" არიანო!!!



ტრიბუნის სიმაღლეს რაც შეეხება: ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე ბრძანა ეს საქართველოს პრეზიდენტმა და დარწმუნებული ვარ, ეგონა, რომ კარგ რამეს ამბობდა!.. 

ერთ რამეს თავშივე აღვნიშნავ: დიდი მოინგლისურე არ გახლავართ, მაგრამ ვინც არის, იმ ხალხმა მითხრა, რომ სიტყვა - nasty,  რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიმართ გამოიყენა, ნიშნავს არა "უბრალოდ საძაგელს", არამედ გაცილებით უარესს, ამ სიტყვის სლენგურ მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ და ქალაქურად ვიტყვით, - ქართველი ჟურნალისტები დიდი ჩათლახი ხალხიაო! აი, ასე ბრძანა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა!!!

ბატონო პრეზიდენტო, სანამ "ღრმა ანალიზს" შევუდგებოდე, ამთავითვე უნდა გითხრათ: - ჩემსა და თქვენს "პადელნიკებს" შორის, ჩათლახის "ასე", და მერე "ისე" ანუ "ასე და ისე"!!!

ახლა, როგორც ის კრეტინი რუსი ოფიცერი იტყოდა, ილიას "მგზავრის წერილებიდან": "თქვენ ჩაი დაასხით და მერე მოვყვეთ სამეცნიერო ლაპარაკსა"...

დაასხით, ხომ?.. ყურადღება მიაქციეთ, ერთი კაცი ვიცი, სხვის ჩაის სვამს ხოლმე.

მოკლედ, მე ვფიქრობ, მსჯელობამ შემდეგ კითხვებზე უნდა გაგვცეს პასუხები: 1) თქვა თუ არა ის, რაც თქვა? 2) რატომ თქვა ის, რაც თქვა? 3) ნანობს თუ არა იმას, რაც თქვა? 4) ვინმეს მოეწონა თუ არა ის, რაც თქვა?

პირველ კითხვაზე პასუხი, ალბათ, ყველაზე მარტივად გეჩვენებათ: ქვეყანამ უსმინა და, - რას ჰქვია, არ თქვა, აბა, ხომ არ მოგვესმაო?! მით უმეტეს, რომ ამის შემოწმება უადვილესია - ყველგან ნახავთ ჩანაწერს: "იუთუბი" და "მაივიდეოჯი" და "ლაივსკორი" და... ა, ჰო, "ლაივსკორი" ფეხბურთის ფსონების ამბავშია... მოკლედ, უეჭველად თქვა და ჩავთვალოთ, რომ პირველ კითხვაზე დადებითი პასუხი გვაქვს...

მეორე კითხვა - "რატომ თქვა?" ოოო, აქ პასუხის სამი ძირითადი ვარიანტია, მე ჩემს აზრს არავის ვახვევ თავს და შეგიძლიათ აირჩიოთ: იმიტომ, რომ ასე ჰგონია; იმიტომ, რომ ურჩიეს, ასე თქვიო; იმიტომ, რომ ფეხებს ვერავინ მოსჭამს (აბა, თუ მიხვდებით, მე რომელ ვარიანტს ვფიქრობ?)

მესამე კითხვა - ნანობს თუ არა?! აეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!!

მეოთხე კითხვა - ვინმეს მოეწონა?! და აქ - "ცუცა, სდექ!!!" აი, ახლა კი იტალიასა და საფრანგეთზე ფულის დადებას აზრი არა აქვს და ვისაც გინდათ, დაგენაძლევებით, რომ ვერ მიხვდებით, ვის მოეწონა (ცხადია, თუკი უკვე არ იცით)! მაინც რას ფიქრობთ? მინისტრებს? #5 პარლამენტარებს? საარჩევნო კამპანიის კოორდინატორებს? თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატებს"? არა, არა და არა!!!

ეს მოეწონა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ, ავტორიტეტულ, კითხვად-სმენად-ყურებად-ცნობად ჟურნალისტს!!! დიახთ - ჟურნალისტს! თანაც, კაცს, ვისაც თბილისის დედაუნივერსიტეტმა მომავალი ჟურნალისტების გამოზრდის საქმის თავკაცობა არგო პატივად! ერთი სიტყვით, ბატონმა დავით პაიჭაძემ "სთქო" ჩვენს "რეზონანსელ" კოლეგებთან ინტერვიუში: "ეს პრეზიდენტმა შეგნებულად გააკეთა და ის გულწრფელი იყო... ფაქტია, რომ ჟურნალისტთა ნაწილს ამ სიტყვების გაგონება არ სიამოვნებს..." უი?! "ნაწილს", არა?! მე ვარ იმ "ნაწილში", თქვენი სიტყვები კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მეორე "ნაწილში" ხართ, იმაში, რომელსაც "სიამოვნებს"... არა, მაინც როგორ "გესიამოვნათ"? ძალიან თუ ისე, რა? მაპატიეთ, ასე რომ გელაპარაკებით, მაგრამ მე ხომ "საძაგელი", "საზიზღარი" და "ჩათლახი" ვარ, ამიტომ მეპატიება.

რა ხდება, ბატონო დავით, ქართველ ჟურნალისტად აღარ თვლით თავს, სამართლიან კრიტიკად მიგაჩნიათ პრეზიდენტის სიტყვები თუ "პირველი ხელიდან" გაქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ეს მხოლოდ "ნაწილზე" ბრძანა, როგორც თქვენ აცხადებთ? მაგრამ მას რომ არ უთქვამს "მედიის ნაწილი"? მან თქვა: nasty. ახლა აირჩიეთ: ან თავისუფალი, ოღონდ "საზიზღარი" უნდა იყოთ, ან შეკვეთების შემსრულებელი, სამაგიეროდ - "არასაზიზღარი"... თუმცა თქვენ უკვე აირჩიეთ...

P.S ფეხბურთზე მინდოდა ბოლოს მეთქვა მაინც, და აქაც ბატონი დ. პაიჭაძე არ გაიჩითა?! თავის ბლოგზე ფეხბურთზე მსჯელობს და აი, ერთი მარგალიტი 1966 წლის ჩემპიონატის მისეული "რაზბორკიდან": "პარკუიანი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, გადმოცემით - დიდი ვერაფერიშვილი ფეხბურთელი, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატზე რამდენიმე გოლი გაიტანა. გაუვარდა, რა". აშკარად ჰგონია, რომ პაიჭაძეობა (ღმერთმა აცხონოს ბორის პაიჭაძე!) საკმარისია იმისთვის, რომ ფეხბურთის აზრზე იყო.
ბატონო დავით, სსრკ მე იმაზე ადრე მძულდა, ვიდრე თქვენი "არასაზიზღარი" ნაწილის ბევრი წევრი შეიტყობდა, რომ რუსები არ ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, შეუძლებელია, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელიმე თავდამსხმელს რამდენიმე გოლი "გაუვარდეს", თუნდაც რუსს.

P.P.S "იაპონიას ერთი პარტია 60 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ იქ დემოკრატია არ არის" - პრეზიდენტის ახალი "აღმოჩენა". ბ-ნო დავით, გადაეცით, რომ იაპონიაში პირველი პირი (პრემიერ-მინისტრი) ლამის 3 თვეში ერთხელ იცვლება, თანაც უმეტესობა - საკუთარი ნებით (უკანასკნელი - 3 კვირის წინ გადადგა)!

პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”

2 комментария:

Анонимный комментирует...

avtori tariel cecxladze ras nishnavs - magis dacerilia es statia?

Unknown комментирует...

aq mgoni saavtoro uflebebi daculia da mititebulia masalis avtorica da jurnalisc. avtori aq nishavs blogis avtors