2/14/2011

მოსაზრება, რომელმაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აღაშფოთა


აღნიშნული მოსაზრება ბათუმელების ბოლო ნომერში დაიბეჭდა. მასალის გამოსვლის დღესვე ტელეფონზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ზარი შემოვიდა. სატელეფონო საუბარი 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. გიორგი კირთაძე მიმტკიცებდა, რომ ბათუმში არც ერთი მიცვალებული არ დაუტოვებიათ დაუსაფლავებლად და ამ ინიციატივის გაშარჟება არ შეიძლებოდა. მირჩია, რომ ჟურნალისტი ვიყავი და საჯარო მოხელეებთან კარგი ურთიერთობა უნდა შემენარჩნებინა. გიორგი კირთაძესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რადგან პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდაა და კარგი რესპოდენტია, მაგრამ რატომ ვერ გაიგო მოსაზრების არსი ვერ გავიგე. არც ის მეგონა, რომ ასე მძაფრად აღიქვამდნენ ამ მასალას.
არის  თუ არა ამ მასალაში გაბრაზების მიზეზი "ბათუმელებისა" და ბლოგის მკითხველთათვის მომინდია.
ახლობლის გარდაცვალება ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეული და მძიმეა. ხშირად ის ვერ გაგვირკვევია მიცვალებულს მივტირით თუ მის გასვენებაზე გაწეულ ხარჯს. მიცვალებულის დაკრძალვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ბათუმელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საკრებულოს მიერ დამტკიცებული „აქციით“. აქცია  სახელად „2=1“ საინტერესო და მრავლისმეტყველია. მისი მთავარი პირობა არის ის, რომ აქციაში „ჩაერთვებიან“ მხოლოდ ისინი ვინც არიან ქორწინებაში. პროექტის მიხედვით ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ცოლს სასაფლაოს უფასოდ აძლევენ და პირიქით ცოლის გარდაცვალებაში ქმარს უფასოდ მარხავენ. ოჯახებისთვის საინტერესო შეღავათია. ერთი საფლავის ხარჯის სააცვლოდ ორს შეიძენ. მონაწილეობას ვერ მიიღებს პირები ვინც არ არიან ოფიციალურ ქორწინებაში, არ ჰყავთ მეუღლე ან უკვე დაქრივებულები არიან. თუკი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი გარდაეცვალათ აქციაში ვერ ჩართავთ, რადგან პირობებს ვერ აკმაყოფილებს .
ზუმის აქციისაგან განსხვავებით ბათუმის საკრებულოს აქციაში ჩართვა უფასოა, მთავარია ერთადერთ პირობას აკმაყოფილებდეთ: აქციის მიმდინარეობის დროს იყოთ ოფიციალურ ქორწინებაში და თქვენი მეორე ნახევარიც გარდაიცვალოს აქციის ფარგლებში.  აქციის დროს გარდაცვალებული ბათუმელები დაიკრძალებიან ახალ სასაფლაოზე, რომლის ზუსტი ადგილიც ჯერ არ დამტკიცებულა. ქალაქის ახალი სასაფლაო ჯერ თავისუფალია და ადგილებიც მრავლადაა...
 ხო ადგილებზე გამახსენდა.  საკრებულოს მეორე აქცია მიუსაფარებს ეხება. ბათუმის საკრებულო ყოველწლიურად აფინანსებს 100 მიუსაფარი მიცვალებულის დასაფლავებას. ამ კეთილი საქმისთვის კი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ აქციაში წინა აქციისგან განსხვავებით რაოდენობა შეზღუდულია. მერიას შეუძლია დააფინანსოს მხოლოდ 100 მიუსაფარი მიცვალებული. რა ბედი ელის 101 მიცვალებულს კონკრეტული პასუხი არ არის. ამ აქციაში მოსახვედრად სასურველია მიუსაფარები გარდაიცვაონ წლის დასაწყისში. წლის ბოლოს შესაძლოა ადგილები შევსებული იყოს და აქციაში ვეღარ მოხვდნენ. „იჩქარეთ ნუ იქნებით 101“.
სამომავლოდ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ბათუმის საკრებულო არ ვიცი, მაგრამ ამ აქციაბიდან გამომდინარე ბათუმში გარდაცვალებაც კი სასიამოვნო იქნება.
თანაქალაქელებო გისურვებთ დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას. დაე, ეს აქციები დიდხანს, დიდხანს არ დაგვჭირვებოდეს.

Комментариев нет: