1/25/2011

არის თუ არა მაესტრო დამოუკიდებელი ტელევიზია?

ჟურნალისტიკაში დიდი ხნის გამოცდილება არ მაქვს (სულ რაღაც 4 წელი), მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმუშავია კონტროლირებად მედიაში.
კარიერა სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორობით დავიწყე, რომელიც მეგობრებთან ერთად დავაფუძნე. შემდეგ იყო სხვადასხვა დროებითი სამუშაოები. ძირითადში ანაზღაურების გარეშე.
ბოლოს ტელევიზიიდან მივიღე შემოთავაზება. მაესტროს ბათუმში კორესპონდენტი სჭირდებოდა. რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტისათვის ცენტრალური მედიის რეგიონალური კორესპონდენტობა ყველაზე მაღალი საფეხურია. უარი არ მითქვამს, მაგრამ მუდმივად ვშიშობდი, შევინარჩუნებდი თუ ვერა დამოუკიდებლობას.


მაესტროს ოფისში ჩასვლის შემდეგ მუშაობის სურვილი გამიორმაგდა. თამარ რუხაძე (მაესტროს საინფორმაციოს ხელმძღვანელი) მეუბნებოდა, რომ დამოუკიდებლობის მხრივ არ მექნებოდა პრობლემა. დაპირების მიუხედავად შიში მაინც მქონდა... (დღევანდელ მედია სივრციდან გამომდინარე.
15 დეკემბერს მაესტროს ბათუმის ბიურომ დაიწყო მუშაობა.
ამ დღიდან ჩემი სამუშაო დღე სატელეფონო ზარით იწყება. დილით თემის შესახებ ვთანხმდებით და გადაღებაც იწყება. მუშაობის დროს თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, რა და როგორ უნდა გავაკეთო. მოსამზადებელი თემების ძირითად ნაწილსაც თავად მოვიპოვებ, რადგან  მიმდინარე მოვლენებზე არავინ გვირეკავს (სხვა ცენტრალურებისაგან განსხვავებით).
შემდეგ გადაღებულ მასალას ვამონტაჟებ და ვაგზავნი. გაგზავნის პარალელურად ვწერ ტექსტს, რომელიც ყოველგვარი ცვლილები გარეშე გადის ეთერში.
გაგზავნილ მასალას მაესტროს ცენტრალურ ოფისში კოლეგები მხოლოდ ხმას ადებენ და ეთერში უშვებენ. სამწუხაროდ ბათუმში ტექნიკური საშუალება არ არის, რომ თავად დავადოთ სიუჟეტს ხმა.
ისმის კითხვა, ვარ თუ არა დამოუკიდებელი ჟურნალისტი? უფრო ხშირად კი მაესტროს დამოუკიდებლობაზე ისმის კითხვა.
ნამდვილად არ ჭირდება მაესტროს ჩემი დაცვა არხის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მე ვწერ როგორ მაესტროს კორესპონდენტი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მუშაობის პროცესში ვარ სრულად დამოუკიდებელი. ჩემს მიერ მომზადებული სიუჟეტები ცვლილების გარეშე გადის ეთერში და არავინ მკარნახობს რა და როგორ გავაკეთო.
თანამშრომელთა შორის ურთიერთობა, არასოდეს არის ზღვარს გადასული. მუშაობის განმავლობაში საყვედურის ტონიც კი არ მიგრძვნია. ვინც არ იცის რა ხდება სხვა ტელევიზიებში მათთვის ეს არ იქნება მნიშვნელოვანი დეტალი, მაგრამ აბა გამოცდილებს კითხეთ...

მუშაობის პროცესში მუდმივად მახსოვს მაესტროს დევიზი:
ჩვენ პასუხს ვაგებთ ყოველ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ... ყოველ კადრზე, რომელსაც გიჩვენებთ... ყოველ კითხვაზე, რომელსაც ვსვამთ... ამბებზე რომლებსაც გიყვებით... ჩვენ პასუხს ვაგებთ საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ... ჩვენ არ ვმალავთ სიმართლეს... არ ვამახინჯებთ ფაქტებს... არ ვიგონებთ მოვლენებს... არ გატყუებთ... გიჩვენებთ, რასაც ვხედავთ... გიჩვენებთ, რასაც გიმალავენ... გიამბობთ ყველაფერს და ყველაფერზე. 

Комментариев нет: