იმის გასაგებად თუ რა სიტუაციაა მაღალმთიან რეგიონში
და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა ჟურნალისტები და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი
შუახევის რაიონში გავეშურეთ.
შუახევის რაიონული ცენტრიდან მარეთის ხეობისკენ გავემართეთ. სოფლის ოღრო-ჩოღრო
გზებზე თოვლის საფარი თანდათან იმატებს. რამდენიმე კილომეტრში დასახლებული პუნქტები
არ მოჩანს. სახლები მხოლოდ მთის ფერდობებზე, კილომეტრების მოშორებით მოჩანს. თოვლის
საფარის მატებასთან ერთად ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ.
გზად თოვლის გამწმენდი გრეიდერი შეგვხვდა, რომელიც ძირითადად
ქალაქისთვისაა განკუთვნილი. გრეიდერის მძღოლის თქმით ტრანსპორტი მაშინვე აჩერებს მუშაობას,
როგორც კი მცირე დაბრკოლება ან ქვა შეხვდება. ამ გზებზე კი იგი თითქმის ვერ მუშაობს.
გრეიდერს სატვირთო ავტომანქანაც ახლდა, რომლითაც შ.პ.ს. „შუახევის გზის“ დირექტორი
მურმან დავითაძე ახლდა.დავითაძე ჩვენ გამოგვყვა და გზა სოფლებისკენ განვაგრძეთ.
მაღალგამავლობის
ავტომანქანით გადაადგილება მხოლოდ ე.წ. მომწვრის ხიდამდეა შესაძლებელი. ხიდთან ზვავის
მიერ ჩახერგილი გზა გაწმენდილია, თუმცა ხიდს იქეთ გადაადგილება მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
ხეობაში სატვირთო ავტომობილის ხმა გაისმა. მისი გრუხუნი მიძინებულ ხეობას ექოდ გასდევდა.
ხიდი მალე სატვირთომ გადმოკვეთა, რომელსაც საბარგული არ ქონდა. საბარგულის ფუნქციას
ძარაზე დადებული რამდენიმე ფიცარი ასრულებდა. საბარგულის წინა მხარეს სურსათი ელაგა.
ფქვილი, ზეთი, შაქარი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები მწვანე „შპაკატით“ არის
მიმაგრებული ძარას. სატვირთოზე 30-მდე ადამიანი თავს ერთადერთ ბაგირზე იმაგრებს თავს.
ხიდის გადმოკვეთის შემდეგ სატვირთო ჩვენთან გაჩერდა.
საბარგულზე მყოფი ადამიანები ჩამოვიდნენ და მცირე შესვენება გააკეთეს. განხილვის ძირითადი
თემა რამდენიმე დღის წინ სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრებ დავით მახარაძის გარდაცვალება
იყო. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გზების და მედიკამენტების არ არსებობა იყო. გარდაცვლილი დიაბეტით იყო დაავადებული. ოჯახაში მხოლოდ
მოხუცებული ცოლ-ქმარი ცხოვრობდნენ. ცოლმა დავით მახარაძე მეზობლების დახმარებით, ციგით
საავადმყოფოში სამკურალოს გამოაყოლა. რამდენიმე საათში კი ავადმყოფი, უკვე გარდაცვლილი
ისევ ციგით მიასვენეს სახლში.
მოსახლეობის
გაღიზიანების მთავარი მიზეზი მედიასაშუალებების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო. მათი თქმით ჯანდაცვის სამინისტრომ მოიტყუა,
როცა ერთ-ერთი ტელევიზიით თქვა, რომ თითქოს დავით მახარაძე სამინისტროს წარმომადგენლებს
სპეცტექნიკით გადმოჰყავდათ და ოჯახის წევრებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. იგინი განმარტავდნენ,
რომ გარდაცვლილი თავად მოსახლეობას, ციგით მოჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა. სამინისტრო
საერთოდ არ დაინტერესებულა სოფელში არსებული სიტუაციით. ისინი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის
გაწევასაც უარყოფდნენ.
რამდენიმე წუთიანი გაჩერების შემდეგ გზას სატვირთო ავტომანქანით,
მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელეთ. ბოლო 20 დღის განმავლობაში ჩვენ პირველები ვართ
ვინც ავტომანქანით გადაადგილდება ამ გზაზე. თოვლი, სოფლის გზები, პატარა და საშუალო
ზომის ზვავები გადაადგილებისას დაბრკოლებებს ქმნის. ადგილობრივები ყოველ დაბრკოლებაზე
საბარგულიდან ჩამოდიან და ერთიანი ძალით ასუფთავებენ გზას. ასე გავიარეთ 5 კილომეტრი.
უცებ მგზავრებმა მძიმედ ამოიოხრეს. წინ, გზა ზვავს ჩაეხერგა. მოსახლეობამ გზის განთავისუფლება
ხელით დაიწყო, მაგრამ 10 მეტრამდე ზვავს ვერაფერი დააკლეს, ამიტომაც მურმან დავითაძემ
ტრაქტორი გამოიძახა.
უკვე საღამო იყო. უახლოეს სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი
იყო. უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. 5 კილომეტრი ღამით ფეხით გამოვიარეთ და ჩვენს ტრანსპორტს
დავუბრუნდით. რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ტრაქტორმა გზა გაანთავისუფლა და
მოსახლეობამ შეძლო ოჯახებში დაბრუნება.