2/11/2014

ორშაბათი. დღიური #1

კვირას გვიან დავბრუნდი გურიიდან. მეძინება. ორშაბათია. მაღვიძარამ დარეკა. უკვე მღვიძავს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვედი გონს. მეორე ტელეფონზე ჩაირთო მაღვიძარას ხმა. ახლა უკვე ორივე ერთად აყრუებს ოთახს. ტრადიუციულად ვიზლაზნები. ერთი წუთი ძილიც კი ყველაფრად მიღირს. ავქედი. გათბობა ჩავრთე და დავჯექი. შემდეგ წამოვწექი და ისევ ჩამეძინა. კიდევ კარგი 9-დან 10-მდე ყოველ 15 წუთში მაქვს მაღვიძარა დაყენებული. ავდექი და ტელევიზორი ჩავრთე. ეს ნივთი დიდი ხანია დევს ჩემს ბინაში, მაგრამ თითქმის არასოდეს ვრთავ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები ისედაც სამსახურეობრივად ვიცი, სერიალს არ ვუყურებ, რეკლამები არ მაინტერესებს...
ანუ ჩემთვის ტელევიზორი კაბელურის ხარჯის გარდა სხვა არაფერია. ერთ-ერთ რუსულ არხზე „ძმები გრიმები“ გადიოდა. ყავას ვსვამ და ვუყურებ. არც კი გამხსენებია სამუშაო. შემთხვევით საათს შევხედე  10:02 იყო.  გიჟივით გავვარდი სახლიდან. სულ ასე მემართება. ჯერ სახლიდან არ გავდივარ, შემდეგ კი ქუჩაში ლამის მივრბივარ. ტელევიზიამდე სწრაფად მივედი. დაცვას მივესალმე და კიბეზე ავირბინე. ნიუსრუმის კარებთამ ტრადიციულად შევჩერდი, ღმრად ამოვისუნთქე და გაღიმებული სახით შევედი. დილის თათბრი დაწყებულია. თანამშრომელი გაღიმებული სახით მომიბრუნდა და მეუბნება „ტატო, დღეს დაჯარიმებული ხარ 9 ლარით. დააგვიანე“. (დაგვიანებაზე ჯარიმაა. ხელფასის 1%). კარგი - ვეუბნები და თან ვფიქრობ, კარგია, ჩემი ხელფასის 1% უფრო მეტია. იყოს 9 ლარი. სამუშაო მაგიდასთან ნიუთბუქი დავდე და თათბირს შევუერთდი.
თემები დაიგეგმა. ტელეფონი რეკავს. ნეტა ვინ არის. გვერდით ოთახში გავდივარ ვპასუხობ. ერთ-ერთ უწყებაში საჯარო მოხელის მხირდან თანამშრომლების გაუპატიურების მცდელობის შესახებ მირეკავს წყარო. უკან ვბრუნდები და კოლეგებს ვეუბნები თემას. დიდიხანს ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გაგვეშუქებინა თემა, ისე რომ არც უდანაშაულობის პრეზუმცია დაგვერღვია და არც თემა დაგვეტოვებია უყურადღებოდ. შევთანხმდით, რომ პიროვნებას რა თქმა უნდა არ დავასახელებთ, მაგრამ იდენტიფიკაცია რომ არ მოხდეს, არც უწყება უნდა დავასახელოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საჯარო მოხელეს თანამშრომელი ადანაშაულებს გაუპატიურების მცდელობაში. ესაა და ეს. იდენტიფიკაცია არაფერს გვაძლევს.
12:00 შესრულდა. ორშაბათია, ანუ რადიოში ყავა უნდა დავიოთ. რადიო „აჭარაში“ წავედი. შესვენების ერთი საათი სასიამოვნო გარემოში გავატარეთ.
ტელევიზიაში დავბრუნდი და ახალი თოქ-შოუს ქუდზე მუშაობა დავიწყე. მამუკა ღლონტთან ავედი. ვიცი გრაფიკასთა დაკავშირებით რაც არ უნდა ვთხოვო ყველაფერს გააკეთებს. ავუხსენი რა მინდოდა. ფერი, გრადაცია, დიზაინი და ა.შ.
ნიკო ბერიძესთან შევედი. ქუდის მუსიკის უკვე მერამდენე ვარიანტს ვთხოვ და ისიც აკეთებს.
დერეფანში გამოვედი და ვფიქრობ, უკვე მეოთხედ ვცვლი ქუდის დიზაინს, მუსიკას. ყოჩაღ ნიკოს, მამუკას და იმედას, რომ მიძლებენ. ეს საბოლოო იქნება! - ვეუნები საკუთარ თავს და ნიუსრუმში ვბრუნდები.
ბიძაშვილი მირეკავს, ნოდარი ბიძია გარდაიცვალაო. ძალიან მეწყინა. დედას როგორ ვუთხრა შენი ძმა გარდაიცვალა-მეთქი ვფიქრობ.
თანამშრომლებს ვუთხარი, მაგრამ „უი, რას ამბობო“. არავის უთქვამს წადიო, ამიტომ მთავარი გამოშვების ბოლომდე დავრჩი. არ მინდა ვინმეს სალაპარაკო მივცე. ვიქნები და მერე წავალ. გარეგნულად არაფერი მემჩნევა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ცივი გულისა ვარ. ადამიანის გარდაცვალება არ მოქმედებს ჩემზე. ალექსანდრე ბაბუა რომ გარდაიცვალა მაშინ ვიტირე ბოლოჯერ. 9 წელი გავიდა უკვე. მას შემდეგ მეორე ბაბუა და ბებიაც გარდამეცვალა, მაგრამ ვერ ვიტირე. გულსაც სცოდნია გაქვავება.

სამუშაოს მერე სატირალში ვერ წავედი. არ მინდოდა დედაჩემი ატირებული მენახა. არ მინდოდა დედას პირველი რეაქცია მენახა, როცა ძმის გარდაცვალების შესახებ გაიგებდა. არა! არა! არ შემიძლია!

Комментариев нет: