1/17/2011

ახალი წელი სარფის ნეიტრალურ ზონაში და ქურდობა ქართულად

ვიცი შეგაწყინეთ თავი და ბრაზილიურ სერიალებივით გადავაბი ერთი ამბის თხრობა, მაგრამ გპირდებით სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი. ეს ბოლო პოსტია "მოგზაურობა ტრაპზონში" ანუ "მგზავრის დღიურები"-დან. ფორუმის ბაზრობიდან პირდაპირ სარფისაკენ დავიძარით. გზაში ყავა მოგვინდა. მძღოლს ვთხოვეთ ეგება და გაქვსო. თურქმა წუწურაქმა მძღოლმა უარი გვითხრა მხოლოდ წყალი გვანახა, რომელიც ბოთლებში იყო ქარხნული წესით დამზადებული (თურქული წყალი). უკანა კარებთან სპეციალურ მინი სამზარეულოში ყავა აღმოვაჩინეთ, ოღონდ ცხელი წყლალი ვერ მივხდით, როგორ უნდა ჩაგვერთო. ერთ-ერთმა ავტობუსელთაგანმა, თეომ შეძვრა-შემოძვრა და ყავა და შაქარი გამობარგა.

იძულებულები ვიყავით ცივი ყავა მიგვერთვა.ბოთლში არსებული წყლის ნახევარი გადავასხით შაქარი და ყავა ჩავყარეთ და შევაქანეთ. რაღაც ყავის მაგვარი გამოვიდა. და ასე კუსტალურად დამზადებული ყავა დავლიეთ ნახევარმა ავტობუსმა. თან ვიცინოდით "ეგება და საუკუნის წინანდელი ყავაა და მოგვწამლოსო. თან მძღოლის რეაქციებზეც ვიცინოდით, რომ ნახავდა ყავა აღარ დარჩა".
გზა მალე გაილია. უცებ აღმოვჩნდით ხოფაში, შემდეგ ქემალფაშაში და საზღვართან უკვე 11:40 საათზე ვიყავით. წინ სატვირთო ავტომანქანები იყო გაჩერებული. საზღვრის შიდა მხარეს შევედით. თურქეთის მხარეს "პასპორტიზაცია" გავიარეთ და ქართულ მხარეს მივადექით. არავის უნდოდა ახალ წელს თურქულ მიწაზე შეხვედროდა. სანამ 56 ადამიანმა თურქული მხარის საზღვარი გადავკვეთეთ თორმეტი სრულდებოდა. ავტობუსი არსად ჩანდა. ჩემს საათში თორმეტმა ზუსტად პასპორტში ბეჭდვის ჩაკვრის და რენდგენზე ჩანთის გატარების დროს ჩამოკრა. მებაჟეები გაყინულ-გათიშულები სახეამღვრეულები გვიყურებდნენ და ვერ გაეგოთ ამდენი ერთად ამ დროს სად ვიყავით. 12:01 უკვე ქართულ მიწაზე (უი ბოდიში ასვალტზე თუ ქვაფენილზე) ვიდექი და ველოდებოდი სხვების გადმოსვლას. ავტობუსის გამოჩენის შემდეგ ყველას ერთი სული ჰქონდა ზღვიდან მონაბერ ცივ ქარს გაქცეოდა და ავტობუსში ასულიყო. სანამ ყველა კარებისაკენ გარბოდა, ავტობუსის მძღოლი გაჩერებას არ აპირებდა. პატრულმა რუპორში გამოაცხადა "აცადეთ ავტობუსს გაჩერება" და ყველას ერთხმად ისტერიული სიცილი აგვივარდა. გაჩერებისთანავე ავტობუსში ავარდით და ადგილები დავიკავეთ. მერე ვიღაცავ ორი ბოთლი საფერავი "დააძრო". ერთჯერადი ჭიქები ისევ მძღოლს მოვპარეთ და ერთმანეთს მივულოცეთ ახალი წელი. ბიჭებმა მრავალჟამიერიც შეასრულეს... და 5 წუთში უკვე ბათუმში ვიყავით. გზა და გზა ხალხი შემოგვეცალა და საბოლოოდ მხოლოდ მოგონება დაგვრჩა...
წელს ჩემთვის ორიგინალური ახალი წელი იყო. ახლით ახალ წელს პრესკაფეში შევხდი (პირველად ცხოვრებაში ოჯახში შეხვედრის ტრადიცია დავარღვიე), ხოლო ძველით ახალ წელს ნეიტრალურ ზონაში ანუ არც ერთ ქვეყანაში. ბედობას რაც შემემთხვა ის კი წინა პოსტში მიწერია. ვნახოთ, როგორი წელი მექნება...
ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ!

Комментариев нет: